თბილისის აჩქარებული კურსი, დაუახლოვდეს ნატო-ს, სამხრეთ კავკასიას დესტაბილიზაციით ემუქრება, - საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ-ოსეთიას“ ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ჟენევის მოლაპარაკების რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წევრებმა გააკეთეს.
ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის სრულუფლებიანი წარმომადგენლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ჟენევის მოლაპარაკებების მომავალ რაუნდამდე კონსულტაციები გამართეს.
„ცხინვალში განსაკუთრებული შეშფოთება ნატო-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისა და მძიმე საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე წვრთნამ გამოიწვია. ჩვენი მიზანია ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეების ყურადღების საქართველოსა და მისი მოკავშირეების საშიში ქმედებისკენ მიპყრობაა“, - ნათქვამია რუსეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა ოფიციალურ განცხადებაში.
შეხვედრის მონაწილე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება კავკასიის რეგიონში ძალის გამოყენებისთვის თავის არიდების საკითხსა და საქართველოსთან სამშვიდობო მოლაპარაკების წარმოებაზე გაამახვილეს.