ყველა ერთხმად ვაღიარებთ, რომ საქართველო სიაში ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, - ამის შესახებ ევროკავშირში ლატვიის ელჩმა სანიტა პავლუტა-დესლანდესმა ”მოამბისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ელჩი აღნიშნავს, ევროკავშირში ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე ძალიან რთული დისკუსია მიმდინარებს, თუმცა არა საქართველოს გამო.
სანიტა პავლუტა-დესლანდესი აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, ძალიან მგრძნობიარე თემაა.
”არის ზოგადი შეთანხმება ორგანიზაციაში, რაზეც საწინააღმდეგო აზრი არავის აქვს, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა. ამას ემატება კომისიის მიერ მომზადებული პოზიტიური ანგარიში, რაც პირველი ნაბიჯი იყო. საქმე ისაა, რომ მსჯელობის თემა, ანუ უვიზო რეჟიმი არის ძალიან მგრძნობიარე თემა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში. მიზეზი საზოგადოებრივი აზრია. მოსახლეობა შეშფოთებულია იმ კითხვებით, რაც უკავშირდება მიგრაციის პრობლემებს, მესამე ქვეყნების მოქალაქეების ნაკადს ევროკავშირის საზღვრებში. ასე, რომ ორგანიზაციის რიგ წევრებს აქვთ სირთულეები, საკუთარ ქვეყნებში საზოგადოებრივ აზრთან, რამდენიმე წევრ სახელმწიფოში არჩევნებიც მოდის და საკითხი კიდევ უფრო მგრძნობიარე ხდება. დარწმუნებული ვარ, საქართველო უვიზო რეჟიმს მიიღებს და დიდი იმედი მაქვს, ეს უფრო ადრე მოხდება ვიდრე გვიან, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა წევრი ქვეყანა უნდა იყოს თანახმა. ამას სჭირდება დრო”, - განაცხადა ევროკავშირში ლატვიის ელჩმა.
”მოამბესთან” ინტერვიუში სანიტა პავლუტა-დესლანდესი, რომელიც ამავდროულად ევროკავშირის ქვეყნების მუდმივწარმომადგენელთა კომიტეტის წევრია, აღნიშნავს, რომ უკვე გამართულ სხომაზე და მომავალ კვირას დაგეგმილ შეხვედრაზეც, მხოლოდ ვიზა პოლიტიკასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილება და არა ქვეყნის შიდა პოლიტიკა.
”ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან საქართველოს მეგობრები. ჩვენ მუდმივად დანარჩენ წევრებს, პარტნიორებს ვუხსნი, რომ საქართველომ საშინაო დავალება შეასრულა და ამიტომ ქვეყნისთვის სამართლიან პრინციპებზე დაყრდნობით უნდა დავასრულოთ პროცესი და მივანიჭოთ უვიზო რეჟიმი. როდის იქნება ეს არ ვიცი. ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა ადგენს დღის წესრიგს. როდესაც მსჯელობა მიდის, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნების კონტექსტსაც ვითვალისწინებთ, რომლებიც ელოდებიან უვიზო რეჟიმს, მაგრამ, ყველა ერთხმად ვაღიარებთ, რომ საქართველო სიაში ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა”, - განაცხადა სანიტა პავლუტა-დესლანდესმა.