კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ”დელტას” მიერ სიღნაღში გასროლილია 35 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა, ხოლო საგარეჯოში - 15

კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ”დელტას” მიერ სიღნაღში გასროლილია 35 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა, ხოლო საგარეჯოში - 15

კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ნაწილი დაისეტყვა, თუმცა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამოქმედების შედეგად ზარალი მინიმალურია. მისივე თქმით ”დელტას” მიერ სიღნაღში გასროლილია 35 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა, ხოლო საგარეჯოში - 15.

”დელტასთანაც” მქონდა კომუნიკაცია, სიღნაღში ამ წუთისთვის გასროლილია სეტყვის საწინააღმდეგო 35 რაკეტა, სიღნაღს სერიოზული პრობლემა ჰქონდა, თუმცა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ სეტყვა პატარა ზომის მარცვლებად აქცია, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი არ გამოიწვია.

დაახლოებით 100 ჰექტრამდე არის დაზიანებული. რაც შეეხება საგარეჯოს სოფლებს - წყაროსთავს, ბადიაურს და ყანდაურას, მათ მიმართულებით დაახლოებით 15 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა არის გასროლილი. ამ დროისთვის ზარალის სავარაუდო ოდენობას ვერ გეტყვით, თუმცა რომ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, ზარალი გაცილებით მასშტაბური იქნებოდა”, - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

როგორც ირაკლი შიოლაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის სამაშველო ღონისძიებების ჩატარების საჭიროება არ არსებობს.

”სამაშველო ღონისძიებების ჩატარება საჭირო ამ დროისთვის არ არის, რადგან მსგავსი შეტყობინება ამ დროისთვის არ შემოსულა. მუნიციპალიტეტები არიან მობილიზებული და თუ საჭირო გახდა ჩვენ მზად ვართ, საჭირო ღონისძიებებისთვის”, - აღნიშნა ირაკლი შიოლაშვილმა.