ბაქოში კონცერტს პოპულარული ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი დათო ხუჯაძე გამართავს. ის ცნობილია, როგორც საქართველოში, ასევე დსთ-ს ქვეყნებში.
კონცერტი ბაქოში ცხრა ივნისს ჩატარდება. შემსრულებელი წარმოადგენს, როგორც ძველ, ასევე ახალ სიმღერებსაც.
„დათო ხშირად იღებს მონაწილეობას ბაქოში გამართულ კორპორატიულ საღამოებზე, ამჯერად გადავწყვიტეთ გავმართოთ მისი სოლო კონცერტი, ვიმედოვნებთ ყველაფრის ორგანიზებას სათანადოდ შევძლებთ და მომღერლის გულშემატკივრები კონცერტით კმაყოფილი დარჩებიან“,- აცხადებს დათო ხუჯაძის პროდიუსერი.
დათო ხუჯაძემ სოლო კარიერა 2000 წელს დაიწყო. მის პირველ სოლო კონცერტს თბილისში რეკორდული რაოდენობით მაყურებელი ჰყავდა. პირველ დიდ წარმატებას მან, ამავე წელს ფესტივალ „სლავურ ბაზარზე“ მიაღწია, სადაც გრან პრის მფლობელი გახდა. შემდეგ ფესტივალზე „აზიის ხმა“ სპეციალური პრიზი მიიღო და მაყურებლის სიმპათია გახდა. მისი შესრულებულებული „ჩიტო გვრიტოს“ ახალი ვერსია საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. მისი კონცერტები კი, თბილისის სპორტის სასახლეში მუდამ ანშლაგით სრულდებოდა.
დათო ხუჯაძე ვარდების რევოლუციამდე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატიც იყო. თუმცა მისი პოლიტიკური კარიერა 15 წუთში დასრულდა. 15-წუთიანი დეპუტატობის შემდეგ დათომ თბილისში ყველაფერი მიატოვა და მოსკოვში კარიერა ნულიდან დაიწყო.