თამარა გვერდწითელი და იოსეფ კობზონი ჰოლოკოსტის მსხვერპლი ებრაელი ხალხის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მუსიკალურ ნაწარმოებებს, მკვდარ ებრაულ ენაზე,- იდიში, შეასრულებენ. თამარ გვერდწითელი რამდენიმე სიმღერას სინაგოგის ხორის სოლისტებთან ერთადაც იმღერებს.
დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლი ებრაელი ხალხის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია ისრაელის მემორიალურ სინაგოგაში გაიმართება. ყოველწლიურად, ამ დღეს, ისრაელში აღნიშნავენ, როგორც კატასტროფისა და გმირობის დღეს. ამ დღეს ებრაელი ხალხი ექვს მილიონზე მეტ დაღუპულ თანამოძმეს იხსენებს.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა რიცხვში ხშირად სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ თუ სოციალურ ჯგუფებს ასახელებენ. თუმცა მათ შორის ებრაელებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ნაცისტთა მთელი პოლიტიკა სწორედ ებრაელების ფიზიკურ მოსპობას ემსახურებოდა. ფაშისტების მიერ შემუშავებული რასისტული თეორიის მიხედვით, ებრაელები ტოტალურ განადგურებას ექვემდებარებოდნენ. ჰიტლერის სისტემას ევროპაში მცხოვრები ებრაელების 60 პროცენტი შეეწირა, რაც მთელი მსოფლიო ებრაელობის მესამედს შეადგენდა. კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ადამიანმა მთელი ერის ლიკვიდაციის მიზნით, სიკვდილის სრულყოფილი კონვეირი შექმნა. ამ კონვეირმა 6 მილიონზე მეტი ებრაელი შეიწირა. მათ შორის მილიონ 500 ათასი ბავშვი იყო.