აქციები იქნება მუდმივად, რათა ყველას გავაგებინოთ, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა არ ისჯება, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს 16 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განუცხადა.
როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ე. წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები პოლიტიკური პატიმრები არიან და „თავისუფალ დემოკრატებს“ დიდი იმედი აქვთ, რომ ”საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყეტილებას, არაკონსტიტუციურად ცნობს იმ მუხლს, რომლითაც აღნიშნული პირები გასამართლებულები არიან და ეს ადამიანები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდებიან”.
„ამ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა მომავალში ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ ადამიანები ასე და ამგვარად არ იყვნენ გასამართლებულები აბსოლუტურად უკანონოდ და უსამართლოდ. ეს არის ერთგვარი პრევენცია სამომავლოდ, რომ ბუგიანიშვილისნაირმა მოსამართლეებმა, რომლებიც აბსოლუტურად დაქვემდებარებულები არიან პოლიტიკურ ზეწოლას, პოლიტიკურ კონიუნქტურას, არ შეუფარდონ ადამიანებს უკანონო მსჯავრი“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, 16 ივნისს დაგეგმილი აქცია, რიგით მეორე აქციაა და მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.
„არ შეიძლება, ჯარისკაცები, რომლებიც საკუთარ მამულს ემსახურებოდნენ, მაშინ როდესაც ბუგიანიშვილის და მურუსიძისნაირები მაგიდის ქვეშ იმალებოდნენ აფხაზეთის ომის დროს, ახლა დაიჭირო და ჩასვა ციხეში იმიტომ, რომ ეს ვიღაცას უნდა „ქართული ოცნებიდან“. ამას ვებრძოდით ადრეც, სააკაშვილის რეჟიმის დროს და იგივეს ვაკეთებთ ახლაც, სხვებისგან განსხვავებით“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
16 ივნისს, „თავისუფალი დემოკრატები“ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქციას გამართავს.