ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ სანიკიძე ვიხილოთ საარჩევნო სიაში, საპენსიო ადგილზე, დავუშვათ, 30-ე ან 35-ე ადგილზე, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ”ინტეპრესნიუსს” თემის კომენტირებისას განუცხადა.
ექსპერტი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, განათლების უკვე ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე გუნდში რჩება და უახლოეს პერიოდში საუბარი იქნება მის ახალ მანდატზე.
”ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ სანიკიძე ვიხილოთ საარჩევნო სიაში, საპენსიო ადგილზე, დაუშვათ, 30-ე ან 35-ე ადგილზე. საერთოდ, გუნდელების თავიდან მოშორება ხისტად არ შეიძლება. უფრო რბილი მეთოდებიც არსებობს. ამისთვის არსებობს სია, რომლის მეშვეობით შეიძლება ძალიან ბევრი ”უმტკივნეულოდ” გაიყვანონ თამაშიდან”, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა და დასძინა, რომ მოვლენების ლოგიკა ამაზე მეტყველებს.
მისივე შეფასებით, თამარ სანიკიძე საკმაოდ სუსტი ფიგურა იყო.
”არც არის დასამალი, რომ განათლების სისტემაში საკმაოდ ბევრი პრობლემა გვაქვს. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში დაძაბულობის კერები შეიმჩნევა სხვადასხვა სასწავლებელში. უფრო აქტიური და ქმედითი, ეფექტური მენეჯმენტია საჭირო განათლების სისტემის, როგორც ოპერატიულ საკითხებში, ასევე სისტემური რეფორმის თვალსაზრისით. ვერ ვიტყვი, რომ თამარ სანიკიძე რამენაირად ასოცირდებოდა ან რაიმე რეფორმებთან, ან რაიმე ტიპის მენეჯმენტთან. ის საკმაოდ სუსტი ფიგურა იყო”, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება სანიკიძის შემცვლელს, ხუხაშვილის თქმით, იგი ალექსანდრე ჯეჯელავას არ იცნობს და მის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა.
პრემიერის გადაწყვეტილებით, თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის.