"ამ პროცესში მონაწილე ყველა ადამიანს, პრეზიდენტთან ერთად, მადლობა ეკუთვნის"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გაზიარება უნდა მოხდეს.

პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე, სადაც აღნიშნულ კანონში პრეზიდენტის "მოტივირებულ შენიშვნებს" და შესაბამის კანონპროექტს იხილავენ, გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ვეტოს გაზიარებით, უკეთესი პოლიტიკური სტანდარტის დამკვიდრების შესაძლებლობა შეიქმნება.

"მიმაჩნია, რომ თუ პრეზიდენტი და პარლამენტი ეთანხმება იმ ცვლილებებს, რომელიც საბოლოო ჯამში განხორციელდა (ვეტოს მიმართ დადებითი პოზიციით სწორედ ეს ფიქსირდება), ეს ამ პროცესის ყველაზე კარგი დასასრულია. ჩვენი მხრიდან ვეტოს მხარდაჭერით და იმ პოზიციების გაზიარებით, რაც   პრეზიდენტის მხრიდან იყო დასაბუთებული, ამ პროცესის კონსტრუქციულ, თანმიმდევრულ ხასიათს კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს და ძალიან კარგ პრეცედენტს შევქმნით. მიმაჩნია, რომ პროცესი მთლიანობაში პოზიტიური იყო. ამ პროცესში მონაწილე ყველა ადამიანს, პრეზიდენტთან ერთად მადლობა ეკუთვნის. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ვეტო უნდა იყოს გაზიარებული და ეს იქნება უკეთესი პოლიტიკური სტანდარტის დამკვიდრების შესაძლებლობა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენიშვნები გაითვალისწინა. პრეზიდენტმა კანონპროექტზე ვეტოს დადების მიზეზები განმარტა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი შენიშვნებს გაითვალისწინებს.

პრემიერმა კვირიკაშვილმა კი პრეზიდენტის ვეტოს საპასუხოდ განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობა ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს დაეთანხმოს.