ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ და სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსს სადავოდ ხდიან.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” მსჯავრდებულთა ერთ-ერთმა ადვოკატმა ლევან სამუშიამ საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ განუცხადა, სადავოა იმ ნორმის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გაფლანგვას გულისხმობს. ”თურმე მოტივი არ ყოფილა აუცილებელი დანაშაულის ჩადენისთვის და ისე შეუძლია ადამიანს გაფლანგვა, რომ არ არის აუცილებელი მის მართლზომიერ მფლობელობაში და განკარგვაში იყოს თანხა”, - დასძინა სამუშიამ.
ადვოკატის თქმით, აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსის გასაჩივრება დღის წესრიგში ე.წ. კაბელების საქმეზე დამდგარი განაჩენისა და მოსამართლე ბუგიანიშვილის დასაბუთების გაცნობის შემდეგ დადგა.
”განაჩენის ჩაბარების შემდეგ, ჩვენ ის დეტალურად შევისწავლეთ და ეს განაჩენი საერთოდ სისხლის სამართლის კოდექსს არ აღიარებს, არ ცნობს. ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დასაბუთებულია. აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ეს იქნება პრევენციაც სხვა მოქალაქეებისთვის, პოტენციური სამართლებრივი დევნის თავიდან ასაცილებლად, რაც შესაძლებელია განხორციელდეს. მსგავსი უსამართლობა და უკანონობა შემიძლია გითხრათ, რომ არ გვინახავს და შესაძლებელია ეს სხვა დროსაც განმეორდეს. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან და დადებით გადაწყვეტილებას”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ლევან სამუშიამ.