ხარაგაული გამგებლის, თორნიკე ავალიშვილის წინააღმდეგ, უზენაეს სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა დღეს დასრულდა. მოსამართლე ნინო ქადაგიძე საბოლოო გადაწყვეტილებას 3 ნოემბერს, 13 საათზე გამოაცხადებს; ანუ ამ დღეს გახდება ცნობილი ხარაგაულის რაიონის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოფილი უფროსი, იზა ვეფხვაძე დაბრუნდება თუ არა თავის თანამდებობაზე და აუნაზღაურდება თუ არა ერთი წლის განაცდური.
პრესა.გე იყო ერთ-ერთი პირველი მედიასაშუალება (თუ არ ჩავთვლით რეგიონალურ პრესას), რომელმაც ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსის გათავისუფლების შესახებ დაწერა. ეს მოხდა 2009 წლის 1 დეკემბერს. იქიდან მოყოლებული დღემდე, ამ თემაზე სამი წერილი მოვამზადეთ და გამოვაქვეყნეთ. 20 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოში გამართულ პროცესსაც დავესწარით და ჩვენი ყურით მოვისმინეთ და დავინახეთ ხარაგაულის რაიონის გამგეობის წარმომადგენლების პოზიციით აღშფოთებული მოსამართლე, რომელმაც არაერთი სიტყვიერი შენიშვნა გააკეთა გამგეობის მისამართით. ჩვენი აზრით, ეს ფაქტობრივად იყო არაპირდაპირი გაგებით მოპასუხის, ანუ გამგებლის გამათრახება.
მოსამართლის აღშფოთებას წინ უძღვოდა შეთავაზება მორიგებაზე - სურვილის
შემთხვევაში გამგებელს სამსახურში უნდა აღედგინა იზა ვეფხვაძე, ან გამგეობაში სხვა თანამდებობა შეეთავაზებინა. ამგვარი წინადადებით მოსამართლე ორი კვირის წინ გამოვიდა, მაგრამ დღევანდელ პროცესზე შეიტყო, რომ გამგებელმა მორიგებაზე უარი თქვა და ფაქტიურად, იზა ვეფხვაძის დაშანტაჟება სცადა.
გამგებლის წარმომადგენლებმა სასამართლო პროცესზე თორნიკე ავალიშვილის პოზიცია გაახმოვანეს - გამგებელმა დაგვავალა, თუ იზა ვეფხვაძე ჭკუით არ იქნება და ბრძოლაზე უარს არ იტყვის, გასულ წლებში, ხარაგაულის რაიონის სახალხო-ლიტერატურულ თეატრში ჩადენილ მაქინაციებზე,ინფორმაციას მოვაგროვებ და პროკურატურას გადავუგზავნი და თუ კარგად მოიქცევა, მაშინ პირიქით - ამ თეატრში, რეჟისორის თანამდებობაზე მუშაობაში ხელს შევუწყობო.
ამგვარი შინაარსის პოზიციამ მოსამართლე ნინო ქადაგიძე აღაშფოთა - თქვე დალოცვილებო, ამ ქალბატონს გასულ წლებში მაქინაციები თუ აქვს ჩადენილი, აქამდე რას უყურებდით, პროკურატურას რატომ არ მიმართეთო?! ამაზე მოსამართლეს მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მიუგო - გამგებელმა ასე დაგვაბარა, ჩვენ სხვა არაფერი ვიცითო.
მოსამართლემ გამოთქვა ვარაუდი, რომ თორნიკე ავალიშვილის ქმედებები არის პირადი ანგარიშსწორება და ამას არაფერი აქვს საერთო მოვალეობის ჯეროვნად შეუსრულებლობასთან, რის გამოც იზა ვეფხვაძემ თანამდებობა 2009 წლის ოქტომბერში, გამგებლის ბრძანების საფუძველზე დატოვა.
როგორც აღმოჩნდა, მოსამართლე გულდასმით გაცნობია ყველა იმ მიმართვას და წერილს, რომლის ადრესატია მიხეილ სააკაშვილი, ნიკა რურუა და თორნიკე ავალიშვილი - მიმართვებსა და წერილებს ხელს აწერენ საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი და პატივსაცემი ადამიანები და არა მარტო ისინი, არამედ, მთავრობის და პარლამენტის წევრებიც. თითქმის ყველა წერილის შინაარსი ერთიდაიგივეა - ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი იზა ვეფხვაძის საქმისადმი თავდადებa; ისეთი ადამიანების რეგიონებში ყოფნა, როგორიც ქალბატონი იზაა, ქვეყნის მომავლისა და სიძლიერისთვის აუცილებელიაო...
მოსამართლემ მოსარჩელეს პატივისცემა დაუდასტურა და შემდეგ მოპასუხე მხარეს მიმართა - მე ყველა მიმართვა და წერილი წავიკითხე; თქვენ ასეთ ადამიანს თანამდებობიდან კი არ უნდა ათავისუფლებდეთ, უნდა უფრთხილდებოდეთო.
საინტერესო და სასაცილო (სატირალი, რომ არ იყოს) გახლდათ ის, რაშიც იზა ვეფხვაძეს ადანაშაულებს ხარაგაულის გამგებელი - თქვენდამი დაქვემდებარებულმა თანამშრომელმა სკოლებში არსებული ვითარება ჯეროვნად ვერ აღწერა და გამომდინარე აქედან, დაკაისრებულ მოვალეობას თავს კარგად ვერ ართმევთო; ანუ კარხი ხელმძღვანელი არ ხართ და ამიტომ გათავისუფლებთო.
მაინც რაში გამოიხატება სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებაო, დაინტერესდა მოსამართლე და პასუხად მიიღო ის, რომ უბისის სკოლის შენობის შემოწმებისას, რომელიც დღემდე მძიმე ვითარებაშია, ვეფხვაძის თანამშრომელს, სკოლის აღწერისას გამორჩენია იმის ჩაწერა, რომ თურმე, ამ სკოლას ღობე ჰქონია მორღვეული. არადა, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს დავალებული ჰქონდა კანალიზაციის, წყალგაყვანილობის და ელექტროენერგიით სკოლის მომარაგების შესახებ ანგარიშის წარდგენა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ არაერთხელ მისცა სიტყვიერი შენიშვნა გამგებლის წარმომადგენლებს და პატივისცემა გამოხატა იზა ვეფხვაძესთან მიმართებაში, გადაწყვეტილებაში ეს ყველაფერი შესაძლოა ვერ ასახოს - სამართლებრივი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რადგან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მიღებული საყვედური არ გაქვთ გასაჩივრებულიო. ანუ მოსარჩელეს უთხრა, მართალი კი ხართ, მაგრამ საყვედური რომ არ გაქვთ გასაჩივრებული, ამან საქმეზე შეიძლება იმოქმედოსო. თუმცა, მთავარი ისაა, იზა ვეფხვაძის გათავისუფლების საფუძველს ჩათვლის თუ არა კანონიერად უზენაესი სასამართლო.
როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი. ვიმედოვნებთ, რომ მოსამართლე ნინო ქადაგიძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შესაბამისობაში მოვა, როგორც კანონთან, ისე მორალთან და კიდევ ერთი საქმის გაგზავნა აღარ გახდება აუცილებელი, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში.