ამაო განგაში

ამაო განგაში

როსინი ვერ იტანდა ვაგნერის მუსიკას.

ერთხელ მეგობრებთან სადილის შემდეგ, როდესაც ყველანი აივანზე გავიდნენ და ტკბილ ღვინოს შეექცეოდნენ, სასადილოდან მოისმა რაღაც წარმოუდგენელი ხმაური. გაისმა რეკვა, ბრახუნი, გრიალი, ტკაცუნი და ბოლოს კვნესა და კრაჭუნი.

განცვიფრებული სტუმრები გაირინდნენ. როსინი გავარდა სასადილოში. ერთი წუთის შემდეგ გამოვიდა გაღიმებული:

- მადლობა ღმერთს, მოახლე წამოედო სუფრას და გადმოყარა მთელი ჭურჭელი, მე კი მეგონა, რომ ვიღაცამ გაბედა ჩემს სახლში “ტანჰეიზერის” უვერტიურის დაკვრა!