უილიამ ბოიდი მესამე მწერალია, რომელსაც ფონდი ბრიტანულ აგენტზე წიგნის დაწერის თხოვნით დაუკავშირდა. დღემდე ჯეიმს ბონდზე ჯეფრი დივერის წიგნები - "კარტ-ბლანში" (2011), სებასტიან ფოლკსის "ეშმაკს არ უყვარს ლოდინი" (2008) გამოვიდა. "ეშმაკს არ უყვარს ლოდინი" ბესტსელერად იქცა.
ბოიდი წინადადებას დაუფიქრებლად დათანხმდა და აღნიშნა, რომ ასეთ შემოთავაზებას მწერალი ცხოვრებაში ერთხელ იღებს. ავტორის თქმით, ფლემინგის შემოქმედება მას მამამ გააცნო. ჯეიმს ბონდის შესახებ რომანებიდან მას ყველაზე მეტად "რუსეთიდან სიყვარულით" მოსწონს.
"Jan Fleming Publications" -ში თავის მხრივ განაცხადეს, რომ ბოიდის სტილი ფლემინგის მანერასთან ძალიან ახლოსაა.
ახალი რომანის მოქმედება 1960-იან წლებში განვითარდება, ბოიდი ჯეიმს ბონდის კლასიკურ იმიჯს დაუბრუნდება. სავარაუდოდ, ნაწარმოები 2013 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება.
ბონდზე პირველი რომანი - "კაზინო როიალი" 1953 წელს დაიბეჭდა.