"საქართველო ჩემი სამშობლოა, ამიტომ ის მუდამ ჩემს გულშია. ყოველ ზაფხულს ვცდილობ სამშობლოში ჩასვლას, თუნდაც მცირე ხნით, ჩვენი ოჯახის ნაწილი ჯერ ისევ იქ ცხოვრობს", - აღნიშნა მუსიკოსმა.
მელუას თქმით, მუსიკალური თვალსაზრისით საქართველომ მასზე ძირითადად ხალხური მუსიკის მეშვეობით მოახდინა გავლენა. მომღერალს მიაჩნია, რომ ბავშვობის მძიმე წლებმა და CD-პლეიერის არქონამ მასში აკუსტიკური მუსიკისა და, ზოგადად, მუსიკის შექმნის მიმართ ინტერესი გააღვივა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რამდენად რთული აღმოჩნდა მისთვის მუსიკალურ ბიზნესში წარმატების მიღწევა, მელუამ უპასუხა, რომ ამაში მას დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლა დაეხმარა.
"ძალიან გამიმართლა, ვინაიადან ნიჭიერ პროდუსერს, მაიკ ბათს შევხვდი, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში გავლენიანი ფიგურაა. ამ ბიზნსში ათი წლის განმავლობაში მოღვაწეობის შემდეგ მივხვდი, რომ ეს იშვიათი საჩუქარია. ამიტომ ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ ყველაფრის გამო, რაც ჩემს ცხოვრებაში კარგი მომხდარა".
მომღერალმა იმ ცვლილებების შესახებაც ისაუბრა, რომლებსაც ათი წლის განმავლობაში მისი შემოქმედება განიცდიდა.
"წლების მატებასთან ერთად ჩემი ხმა და მუსიკა, უდავოდ, უფრო ღრმა გახდა. ჩემი მუსიკა ყოველთვის ჩემს ცხოვრებას უკავშირდებოდა. ახლა სწორედ ის პერიოდი მაქვს, როდესაც ზრდასრულ ეტაპზე გადასვლას ვაცნობიერებ", - ამბობს მუსიკოსი.
ახალ ალბომზე მუშაობის პარალელურად ქეთი მელუა ქორწილისთვის ემზადებოდა. 27 წლის მელუას რჩეული მოტომრბოლელი ჯეიმს ტოუზლენდია. ქორწილი მაისში გაიმართება.
ქეთი მელუა 1984 წლის 16 სექტემბერს ქუთაისში დაიბადა. 90-იანი წლების დასაწყისში მისი ოჯახი საცხოვრებლად დუბლინში გადავიდა. 2005 წელს კი ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე გახდა. 18 წლის ასაკში მან ლეგენდარულ კომპოზიტორთან, მაიკ ბათთან კონტრაქტი გააფორმა. მომღერლის მუსიკალური კარიერა ხუთ ალბომს ითვლის: "Call Off the Search" (2003), "Piece by Piece" (2005), "Pictures" (2007), "The House" (2010) და "Secret Symphony" (2012).