წლების წინ, ყოველი ასეთი ფაქტის შემდეგ, ბოიკოტები რომ გვეცხადებინა, ”ნაციონალური მოძრაობა“ მართლა 30 წელი იქნებოდა ხელისუფლებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.
”ბოიკოტი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებაა. უბრალოდ ერთს გავიხსენებ - წლების წინ, ყოველი ასეთი ფაქტის შემდეგ, ბოიკოტები რომ გვეცხადებინა, ”ნაციონალური მოძრაობა“ მართლა 30 წელი იქნებოდა ხელისუფლებაში. არჩევნებში მოგება და წარმატებაა საჭირო. საპარლამენტო მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, პარლამენტში ბევრი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით. ამიტომ ვისურვებდი, პარლამეტმა იმუშაოს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ იმუშაოს. ამასობაში, პოლიტიკური ბოიკოტი ეს არის პოლიტიკური ძალების კონსტიტუციური, რეგლამენტური უფლება და ეს მათი გადასაწყვეტია”, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. მათი განცხადებით, ვიდრე კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით არ იქნება დადგენილი დამნაშავე, დამკვეთი, ადამიანები, ვინც იმ დღეს იძალადეს, სხდომებს არ დაესწრებიან.