თუკი კორცხელის ინციდენტის მონაწილე პირები არ დაისჯებიან, მაშინ მმართველი პოლიტიკური ძალა დაისჯება

თუკი კორცხელის ინციდენტის მონაწილე პირები არ დაისჯებიან, მაშინ მმართველი პოლიტიკური ძალა დაისჯება

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, თუკი კორცხელის ინციდენტის მონაწილე პირები არ დაისჯებიან, მაშინ მმართველი პოლიტიკური ძალა დაისჯება.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

”ინციდენტში მონაწილე პირები უნდა დაისაჯონ. დარწმუნებული ვარ, რომ დაისჯებიან. თუ სხვაგვარად იქნება, მაშინ ამით მმართველი პოლიტიკური ძალა დაისჯება. არა მგონია, მის ინტერესებში შედიოდეს, რომ ხელისუფლება დაისაჯოს კონკრეტული ადამიანების მოქმედებების გამო, იმიტომ რომ ძალადობის აქტებზე რეაგირება ხელისუფლების, სახელმწიფოს და პოლიციის საქმეა და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყო, ვინ გააგრძელა, ვინ ჯერ თმაზე მოქაჩა და ვინ მერე მუშტი დაარტყა. დარწმუნებული ვარ, რომ მოძალადები დაისჯებიან - ის ადამიანები, რომელთაც მსგავსი რაღაც დაგეგმეს, თუკი ეს დაგეგმილი იყო და თუ არ იყო - ამასაც გავიგებთ. ვიცი, რომ ეს არის პრემიერ-მინისტრის მყარი განწყობა და გადაწყვეტილება. დარწმუნებიული ვარ, ეს ასე იქნება”, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.