ეკა ხერხეულიძე:  ესაა ჩვეულებრივი სამხეცე, ამიტომ ვტოვებ პარლამენტის დარბაზს

ეკა ხერხეულიძე: ესაა ჩვეულებრივი სამხეცე, ამიტომ ვტოვებ პარლამენტის დარბაზს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ეკა ხერხეულიძის თქმით, ის არ აპირებს ”ისეთ სამხეცეთში მუშაობას, როგორიც დღეს საქართველოს პარლამენტია”. ამის შესახებ ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.

„ოთხოზორიების ოჯახის ტრაგედია, მთლიანად ასახავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და სახელმწიფოს პოლიტიკას. ეს იყო ცინიზმით აღსავსე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. როდესაც მტერი შენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიან მოქალაქეს კლავს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უკიდურესად დაქვეითებულია. როდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ღიად ლობირებენ მტრის ჯაშუშების გათავისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ოკუპანტების უფლებადამცველი ხელისუფლება მართავს. როდესაც ოკუპირებული ქვეყნის ურთიერთობა დამპყრობელთან იმ კონდიციამდე თბება, რომ მწვანილის გატანა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თავისუფლებისთვის ბრძოლა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საოკუპაციო რეჟიმი მართავს.

მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა რომლებმაც ჩაიდინეს ის მხეცობა, რომელიც კორცხელში მოხდა, დღეს საპარლამენტო დარბაზში გრძელდება. თქვენთვის არ არსებობს ტრაგედია, რომელიც დაგაფიქრებთ და ქვეყნის მომავლის გზას აგარჩევინებთ. მე ვფიქრობ, რომ ბოიკოტი უნდა გამოვუცხადო თქვენთან ერთად მუშაობას. ესაა ჩვეულებრივი სამხეცე, ამიტომ ვტოვებ დარბაზს. ერთმანეთს შევხვდებით 8 ოქტომბერს, სადაც განახებთ იგივე შედეგს, რაც კორცხელსა და ნასაკირალში იგემეთ“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.