შოთა ხაბარელი კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ნიკა მელიას და გიგა ბოკერიას დაკითხვას ითხოვს

შოთა ხაბარელი კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ნიკა მელიას და გიგა ბოკერიას დაკითხვას ითხოვს

უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ნიკა მელიას და გიგა ბოკერიას დაკითხვას ითხოვს.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დაპირისპირება მათი პროვოცირებული იყო.

”ნიკა მელია დიდი აგრესიით გამოირჩევა. გახსოვთ, ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, როცა პირდაპირ პროვოკაციაზე მიდის და იწვევს ხალხს ჩხუბისკენ. თქვენ ყველამ დაინახეთ, რომ დავარდნილი გიგა ბოკერია გადამღებ ჯგუფებს ელოდებოდა. ულამაზეს კუთხეს, სამეგრელოს მინდა მივმართო, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კასრებში ინახავდნენ იარაღს, რომ თქვენსა და საქართველოს წინააღმდეგ გამოეყენებინათ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც მთელი საქართველო ციხეებად გადააქციეს. ყველა ადამიანს, ყველა ოჯახს შეეხო ამათი ბინძური ხელი. რა თქმა უნდა, ერთი სოფლის გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩვენ უნდა გავიაზროთ ის ცხრა წელი, თუ როგორი ყოფა გვქონდა”, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

მისივე აზრით, ”ნაციონალური მოძრაობა” მსოფლიოს წინაშე საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობს. ხაბარელი სწორედ ამ კონტექტში აფასებს კორცხელის ინციდენტს.

”გიორგი კანდელაკს ღმერთმა მისცა უნარი ენა ატარტაროს და იმასაც ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყენებს. ჩიორა თაქთაქიშვილი ლოგინად ჩავარდა, რომ ევროპისათვის დაენახებინა, თუ როგორ ითვლიდა ბოლო წუთებს და თუ როგორ ჩაგრავენ მას”, - აღნიშნა ხაბარელმა.