ფილიპ კირკოროვის ქალიშვილის ნათლობა გუშინ, წინასწარ შერჩეულ ეკლესიაში მოხდა. ნათლობა წმინდა მოციქულ ელიას სახელობის ეკლესიაში, ფილიპ კირკოროვის მოძღვარმა ჩაატარა. ცერემონიაზე კირკოროვის ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. მომღერლის მამა, ნიკოლა ბასკოვი, ანი ლორაკი, ევგენი მირონოვი და, რა თქმა უნდა, ალა პუგაჩოვა მაქსიმ გალკინთან ერთად.
ეკლესიასთან მისულ რუსული პოპის მეფესა და მის გოგონას ირგვლივ უამრავი ფანი და ჟურნალისტი შემოეხვია.
ფილიპმა პირობა დადო, რომ მისი ქალიშვილი ალა-ვიქტორია რუსეთში გაიზრდება. შეგახსენებთ, ალა-ვიქტორია ამერიკის ერთ-ერთ ელიტარულ საავადმყოფოში დაიბადა.
ალა-ვიქტორიას ნათლიები, ტელეწამყვანი ანდრეი მალახოვი და ფილიპის მეგობარი ანტონინა გახდნენ.
„ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც დავგეგმეთ, მეც და ბავშვის ნათლიებიც ძალიან ვღელავდით. ამ დღის ყველა დეტალი წინასწარ მქონდა გათლილი, რადგან მინდოდა, რომ ეს დღე, ჩვენთვის და ჩვენი სტუმრებისთვის დაუვიწყარი ყოფილიყო“,-აღნიშნა ფილიპმა ცერემონიის შემდეგ.
ცერემონიის შემდეგ წვეულება მყუდრო რესტორანში გაგრძელდა.
ცერემონიამდე რამდენიმე ხნით ადრე, დაცვამ მიმდებარე ტერიტორია კარგად დაათვალიერა და ნათლობის განმავლობაში, სტუმრებს ახლო-მახლო ელოდებოდა.
ყველაფრის მიუხედავად, ნათლობას წარმატებით მაინც არ ჩაუვლია და რუსული ესტრადის პოპმეფისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე მაინც სკანდალს დაუკავშირდა.
საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამ ნათლობის გამო წმინდა მოციქულ ელიას სახელობის ეკლესია დროებით დაიხურა. საზოგადოებას ეკლესიაში შესვლა აუკრძალეს და მიზეზად ტექნიკური პრობლემები დაუსახელეს. ეს ყველაფერი ბზობას, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოხდა.
აღშფოთება ამ ფაქტის გამო, რუსეთის პოლიტიკურმა პირებმაც გამოხატეს. „ეკლესია დახურულია და მრევლს არ უშვებენ, ეს მორწმუნეთა უფლებების უხეში დარღვევაა“-განაცხადა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ალექსანდრე იუშენკომ.