ნანა ჯანელიძის ფილმმა - „ნეტავ იქ თეატრი არის?!“ აღიარება კიდევ ერთხელ, ამჯერად რუსულ კინო დაჯილდოებაზე მოიპოვა. ქართველი რეჟისორის დოკუმენტურმა ფილმმა რუსული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო - „ნიკა“ აიღო.
ფილმი საუკეთესო ნამუშევრის ნომინაციაში იყო წარდგენილი და დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის საუკეთესოდ გამოცხადდა.
ფილმი გენიალური ქართველი მსახიობის კახი კავსაძისა და მისი რეპრესირებული ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.
ფილმის გადაღების იდეა, რეჟისორს რუსთაველის თეატრის სცენაზე კავსაძეების ისტორიაზე დადგმულმა მონო-სპექტაკლმა შთააგონა. როგორც თავად ამბობს, სცენაზე ნანახმა ძალიან იმოქმედა მასზე,-„ ემოციური საღამო იყო, მაშინ ვიფიქრე, რომ ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი მხოლოდ ამ მცირე საზოგადოებას ენახა და სხვას არავის. იმ წუთასვე შევთავაზე ბატონ კახის ფილმი გადაგვეღო, მაშინ კახიმ მხოლოდ გაიღიმა, თუმცა შემდგომ დამთანხმდა.“
დოკუმენტური ფილმი კავსაძეების საგვარეულოს ისტორიაზე, რეჟისორისთვის ჩვეული მხატვრული ჩანართებითაა გადაწყვეტილი. მაყურებელს საშუალება ეძლევა ამ ფილმით გაეცნოს, კავსაძეების ოჯახის თავგადასავალს, - კახის პაპის სანდროს, მამის დათაშკას და თვით კახის ისტორიას, რომელიც ამ რეალურ პერსონაჟებთან ერთად მთელი იმ ქვეყნის ისტორიაცაა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა.
კახი კავსაძის პაპა სანდრო კავსაძე, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გუნდების ჩამომყალიბებელი და უდიდესი ლოტბარი იყო. ის თავის შვილთან ბატონი კახის მამა, დათაშკა კავსაძესთან ერთად მოღვაწეობდა მანამ, სანამ დათაშკა ომში არ წავიდა. იქ დაიჭრა, ფილტვების ანთებით დაავადდა და ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. თუმცა შემდეგ სასწაულით გადაურჩა დახვრეტას.
როგორც რეჟისორი გვიყვება: დათაშკა კავსაძე საოცრად წარმოსადეგი კაცი ყოფილა. ტყვედ რომ ჩავარდნია გერმანელებს უფიქრიათ, ეს უბრალო გლეხი არ იქნება, ალბათ, რომელიმე კომუნისტური პარტიიდან არისო და დასახვრეტად გაუყვანიათ. დახვრეტამდე საბუთები გამოურთმევიათ. დათშკას „პასპორტში“ ოჯახის ფოტო ჰქონია, არაჩვეულებრივი კლასიკური ფოტო, დედა და ორივე მხრიდან პატარა, ლამაზად გამოწყობილი ბიჭები. სწორედ ამ ფოტომ გადაარჩინა დათაშკა. „კომუნისტს ასეთი ოჯახი არ ექნებაო“ და დატოვეს. შემდეგ ფრანგმა ემიგრანტებმა ტყვეთა ბანაკიდან წამოიყვანეს და უმკურნალეს. რომ გამოჯანმრთელდა ბანაკში მყოფი ტყვეებიდან მომღერლების გუნდი ჩამოაყალიბა. ასე გადაარჩინა ისინი სიკვდილს და თავისუფლებაც მისცა. დადიოდა თურმე ბანაკებში და ვინც ქართველი იყო ყველას თავისთან უხმობდა. გუნდში არამარტო ქართველები, არამედ ყველა ის ადამიანი ჰყავდა, რომელსაც ოდნავ მაინც ესმოდა ქართული: რუსი, თათარი, სომეხი, აზერბაიჯანელი... ახლა ხვდებიან თურმე კახის და მადლობას უხდიან. ავსტრალიაშიც კი შეხვედრია ერთი.“
ფილმის გადაღებები თბილისში მიმდინარეობდა და კახი კავსაძესთან ერთად მასში მსახიობები,- ნინო კურატაშვილი, გიგო ჯაფარიძე, ირაკლი და ნიკო კაკაურიძეები დასხვები მონაწილეობენ. სცენარის ავტორები ნანა ჯანელიძე და ნინო ნატროშვილი არიან(კახი და იმერი კავსაძეების მონათხრობის მიხედვით) ოპერატორი: გიორგი ბერიძე მხატვარი: ზურა მიქელაძე კომპოზიტორი: მიშა მდინარაძე პროდიუსერ(ებ)ი: ნანა ჯანელიძე, ირაკლი ტრიპოლსკი
რუსული კინოაკადემიის მთავარი ჯილდო „ნიკა“ ქართულ ფილმს პირველად არ მიუღია. თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“ „ნიკა“-ს მფლობელი 6 ნომინაციაში გახდა: საუკეთესო ფილმი, სცენარი, რეჟისორი, ოპერატორი, მსახიობი და პროექტის დიზაინერი.