მძღოლები ახლადდაგებული გზების საფარს სულ უფრო ხშირად უჩივიან. მათი აზრით, საგზაო სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული და ავარიების რისკი იზრდება. ამიტომაც კონტროლის პალატა გზის საფარის ხარისხის შესამოწმებლად ახალ ტექნოლოგიებს გამოიყენებს.
გომბორი-თელავი-ვაზიანის ახალი საავტომობილო გზის მონაკვეთით მძღოლების ნაწილი უკმაყოფილოა. მათი თქმით, წვიმაში ამ მონაკვეთზე საბურავები ზომაზე მეტად ცურავს და ავარიების რიცხვი იზრდება.
მძღოლების ნაწილი ამას გზაზე ცემენტის საფარს უკავშირებს, რადგან საავტომობილო გზაზე, როგორც ცნობილია, ასფალტო-ბეტონის ნაცვლად, ცემენტო-ბეტონის საფარია დაგებული.
თელავის გზატკეცილზე ბოლო ავარია 17 ოქტომბერს დაფიქსირდა, ავარიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად კი, სველი ტრასა სახელდება.
თუმცა, გზების დეპარატმენტში ამტკიცებენ, რომ გომბორი-თელავი-ვაზიანის მონაკვეთი საერთაშორისო სტანდარტებითაა დაგებული. დეპარატამენტში აცხადებენ, რომ მძღოლებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და საგზაო ნიშნებს დაემორჩილონ.
მათი განმარტებით, ყველა მონაკვეთზე არის ნიშანი, რა სიჩქარით და როგორ უნდა იმოძრაოს ავტომანქანამ წვიმიან თუ მშრალ ამინდში.
სხვათა შორის, გზის საფარისა და მანქანის საბურავების არასათანადო მოჭიდებასთან დაკავშირებით, მძღოლებს პრეტენზია თბილის გორის ავტომაგისტრალთან დაკავშირებითაც აქვთ. ბევრი ავტომფლობელი ჩივის, რომ მაღალი სიჩქარით მოძრაობისას გეუფლება გრძნობა თითქოს მანქანა გზაზე „თავს მყარად არ გრძნობს“.
მათი თქმით, ძველ და ახალ საფარს შორის სხვაობა უფრო თვალშისაცემი ხდება, როდესაც ავტომობილი ძველ ასფალტის საფარზე მოძრაობს. ძველი მეთოდით დაგებულ გზებზე ავტომობილის გზასთან მოჭიდების კოეფიციენტი გაცილებით მაღალია.
საერთოდ, გზებთან და კონკრეტულად გომბორი-თელავის მონაკვეთთან დაკავშირებით პრეტენზიები უკვე დიდი ხანია ისმის. თუმცა, კონკრეტულად გზების ხარისხის კონტროლი არავის უწარმოებია. საბოლოოდ კი, ეჭვები ეჭვებად რჩება.
ამიტომაც გადაწყდა, რომ საქართველოს კონტროლის პალატა გზის საფარის ხარისხის შესამოწმებლად ახალ ტექნოლოგიებს გამოიყენებს. ეს არის მთელს მსოფლიოში აპრობირებული სპეციალური იმპულსური რადარი.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, დღეს, გომბორი-თელავის დამაკავშირებელი მაგისტრალის მცირე მონაკვეთზე, აღნიშნული რადარის ტესტირება ჩატარდა, რომელსაც საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, აუდიტორები და გერმანიიდან მოწვეული ექსპერტი ესწრებოდნენ.
ტესტირებისას შემოწმდა გზატკეცილზე ჩატარებული სამუშაოები - ასფალტის საფარის სისქე და ხარისხი.
იმპულსური, იგივე გამჭოლი რადარის საშუალებით შესაძლებელია მაგისტრალების, ქუჩების, ხიდების, აეროპორტის ასაფრენი ბილიკების, ასფალტისა და ბეტონის სისქის, ხარისხისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება.
ასევე, შესაძლებელია, მიწისქვეშა კომუნიკაციების მდებარეობისა და მისი მდგომარეობის დადგენა. კონტროლის პალატაში ამტკიცებენ, რომ აღნიშნული რადარის გამოყენება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც დროის, ისე სხვა რესურსების დაზოგვას.