“Motley Crue” და “Kiss” ერთობლივ კონცერტებს ჩაატარებენ

“Motley Crue” და “Kiss” ერთობლივ კონცერტებს ჩაატარებენ

გამოცემა “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფები “Motley Crue” და “Kiss” ერთობლივ კონცერტებს გამართავენ.

ეს საგასტროლო ტურნე 20 ივლისს დაიწყება. მუსიკოსები პირველ ღონისძიებას ვირჯინიის შტატის ქალაქ ბრისტოუში გამართავენ. უკანასკნელი ერთობლივი გამოსვლა კი 23 სექტემბერს, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰარტფორდშია დაგეგმილი.

საინტერესოა რომ ამ ორი პოპულარული ჯგუფის წევრები ერთად სცენაზე შორეულ 1982 წელს გამოვიდნენ. იმ პერიოდში “Motley Crue” ახლადჩამოყალიბებული გახლდათ და “Kiss”-ის საგასტროლო მოგზაურობის დროს ე.წ. “დამატებითი ჯგუფის” სახელით მონაწილეობდა.

ცნობილი გახდა, რომ “Kiss”-ის წევრები კონცერტების ჩატარების პარალელურად ახალ სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობენ. მისი სახელწოდებაა “Monster” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის დასასრულს იხილავს.

“Kiss” 1973 წელს ჩამოყალიბდა ქალაქ ნიუ-იორკში. მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ პოლ სტენლი, ჯინ სიმონსი, ტომი ტაიერი და ერიკ სინგერი.

ჯგუფის ყველაზე ცნობილი სტუდიური ჩანაწერებია: “Strutter” (1974), “Black Diamond” (1974), “Rock and Roll All Nite” (1975), “I Was For Lovin' You" (1979), “Heaven's On Fire” (1984), “Psyho Circus” (1998).

ჯგუფი “Motley Crue” ქალაქ ლოს-ანჯელესში 1981 წელს, ბას-გიტარისტმა ნიკი სიქსმა, მედოლე ტომი ლიმ, გიტარისტმა მიკ მარსმა და ვოკალისტმა ვინს ნილმა ჩამოაყალიბეს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში 9 ალბომი აქვს გამოცემული, რომელთა გაყიდვათა რაოდენობამ მსოფლიოში 80 მილიონ ცალს მიაღწია.