პოეტური ფორმის შავ–თეთრი, უსიტყვო მოკლემეტრაჟიანი ფილმები, დახვეწილი ექსცენტრიული იუმორი, ორიგინალობა, არც ერთი წარმოთქმული სიტყვა, მხოლოდ გამეფებული მუსიკა და განსაკუთრებული, სხვებისგან გამორჩეული, გამოსახულება... „კარუსელი“, „ქორწილი“, „ქოლგა“, „მუსიკოსები“, „გზაზე“... ეს მიხეილ კობახიძის შემოქმედებაა... დიდი ქართველი რეჟისორის, რომელიც 1996 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
მიხეილ კობახიძე 1939 წლის 5 აპრილს თბილისში დაიბადა. 1959 წელს მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწავლა წარჩინებით, დაწესებულზე ერთი წლით ადრე დაამთავრა. ფილმებს სტუდენტობის პერიოდიდან იღებდა, 1963 წლიდან კი პროფესიული კარიერა დაიწყო, – ინტენსიური შემოქმედების პროცესი,- მიუხედავად იმისა, რომ მას ხელისუფლება ყოველთვის უქმნიდა წინაღობებს. მისი შემოქმედებითი პროცესი ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა რეჟისორმა ამ ხანმოკლე შემოქმედებით, თავისი ადგილი მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში ღირსეულად დაიმკვიდრა. მიხეილ კობახიძე თავისი ფილმების ყველა დეტალს თავად ქმნის, მუსიკალურად თვითონ აფორმებს, სცენარსაც თავად წერს... თითქოს მის სამყაროში სხვა ადამიანის შემოჭრას გაურბის.. როგორც თავად აღნიშნავს, მის სამყაროში სხვა ადამიანის შემოჭრა, სხვა რხევასა და აზრს შემოიტანს, ამიტომ ურჩევნია, ყველაფერი თავად გააკეთოს, ასე უკეთ გრძნობს და ხედავს.
მისი ფილმები,- ეს არ არის კომედია, ან ტრაგედია, არც ჩვეულებრივი პანტომიმა. გამოსახულების პლასტიკითა და რიტმით, არც მუნჯი კინოს ესთეტიკას და არც ხმოვან კინოს არ ესადაგება. მაშინ რა ჰქვია მის ამ ორიგინალურ ჟანრულ არჩევანს? კითხვაზე ზუსტი პასუხი თავადაც არა აქვს, „ამაზე არ მიფიქრია, რა შეიძლება ერქვას? ალბათ, – თავისუფლება. ჟანრს თავისუფლება “- ამბობს, რეჟისორი და არც ის იცის როგორ მოვიდა მასთან ეს „თავისუფლება“.
მისი ფილმები, ზედიზედ, რამდენიმე წელი იდევნებოდა, „რვანახევარი“ განადგურდა კიდევაც, ამის მთავარი მიზეზი მაშნდელ მთავრობასთან კონფლიქტი იყო. ფილმი ისე გააქრეს, რომ რეჟისორმაც არ იცის, სად წავიდა: „ ალბათ გაანადგურეს, თუმცა ამაზე მაინცდამაინც არ ვდარდობ, რადგან, სწორედ, ამის შემდეგ გადავიღე მეორე ფილმი – „ქორწილი“.
შემდეგ ფილმს - „მუსიკოსები“ აკრძალვები და კინოსგან 33 წლით ჩამოშორება მოჰყვა. ფილმის ფინალში, სადაც რეჟისორი თავად თამაშობს, კადრიდან გადის და ეკრანზე თეთრ ფონს ტოვებს. გამოდის ეს თეთრი ფონი შემთხვევითი დამთხვევა არ ყოფილა და შემდგომ მოვლენებიც შესაბამისად განვითარდა.
როგორც თავად იხსენებს, აკრძალვები ფილმის პირველი სახელწოდებიდან დაიწყო, „მუსიკოსებს“ „ომი და მშვიდობა“ ერქვა, რეჟისორისთვის სახელი არაფერს ცვლიდა, იცოდა, რომ ამ ფილმით მისი გზა კინემატოგრაფიაში მთავრდებოდა. პირველი რაც გააკეთ ეს ფილმს სახელი შეუცვალეს, თუმცა აკრძალვის ბრძანება ფილმის პირველსავე ჩვენებას მაინც მოჰყვა: „ფინალიც შეიცვალა და ამ გასვლით კადრიდან მე დავემშვიდობე კინემატოგაფს“
1981 წელს, მაშინდელმა ცეკას პირველმა მდივანმა ე. შევარდნაძემ კინოში დაბრუნება სთხოვა, თუნდაც ანტისაბჭოური ფილმები გადაეღო, რომ არა 1983 წლის ტრაგიკული მოვლენები, თვითმფრინავის ამბები და შვილის, გეგა კობახიძის ტრაგედია, ის ქართულ კინოში ისევ ბრუნდებოდა. დაიწყო კიდევაც მუშაობა ახალ ფილმზე, რომელიც თბილისზე უნდა ყოფილიყო,- „ არქივში ვეძებდი მასალებსა და ფოტოებს, ამით ძალიან ვიყავი გატაცებული. 1983 წლის ტრაგიკულმა მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა, რასაკვირველია, არაფერზე ფიქრის თავი არ მქონდა. ისიც კი მიკვირს, ახლა როგორ ვფიქრობ, საერთოდ.“
„ეს იყო დასასრულისა და ახლის დასაწყისის ნიშანი“, ცდილობდა, საკუთარ თავში სიხარული მოეძებნა და სხვებისთვის გაეზიარებინა. მისთვის გამართული ყველა საღამოდან სევდიანი მიდიოდა, ერთ დღეს კი საერთოდ წავიდა, შორს... და დიდი ხნით საქართველოდან.
საფრანგეთში ფესტივალზე მიიპატიჟეს. ფილმების პირველმა ჩვენებამ საოცრად კარგად ჩაიარა. რეჟისორს თავისი კინოწარსული აღუდგა, იხსენებს,- „ოცი წლის განმავლობაში არც კი შემიხედავს მათთვის, შინაარსებიც კი აღარ მახსოვდა. ეს რაღაც ცივი წყლის შესხმასავით იყო და მეც გამოვფხიზლდიო“. ამ ყველაფერმა გამოაცოცხლა, შემოთავაზებულმა სამუშაოებმა, ვენეციის ფესტივალზე მოწყობილმა მისი ფილმების რეტროსპექტივამ... „თან აქ ისეთი სიტუაცია იყო, მიცვალებული რომ სახლში გყავს და ვერც ასაფლავებ და ვერც სხვა ზომებს იღებ. დარჩენა, შეუძლებელი იყო.“-ამბობს რეჟისორი.
33–წლიანი პაუზის შემდეგ მისი მოღვაწეობა კინოს ქვეყანაში, საფრანგეთში, 2004 წელს ისევ განახლდა. გადაიღო ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გზაზე“. როგორც თავად ამბობს, საფრანგეთში გადაღებული ეს ფილმი ისეთი არ გამოუვიდა, როგორიც უნდოდა და იმედი, აქვს, რომ მას ოდესმე ისევ მივუბრუნდება.
როგორც აღმოჩნდა, ხლისშემშლელი ფაქტორი ფილმში გაუთვალისწინებელი შემთხვევა ყოფილა, ერთი დიდი სცენის გადაღების წინ მთავარი გმირი თმაგადაპარსული დახვედრია გადასაღებ მოედანზე, უთქვამს,- გადაღება დასრულებული მეგონაო. – „რაღაც გაურკვევლობა მოხდა და ამ მიზეზით ფილმის უფრო მოკლედ დამონტაჟება მოგვიწია, სცენარი არ შეცვლილა, თუმცა რიტმი, ტემპერატურა და შინაგანი დაძაბულობა შეიცვალა. ეს ფაქტი რაღაცნაირად დარჩა ჩემში და დღესაც ვატარებ იმ იმედით, რომ შეიძლება ამას ოდესმე ისევ დავუბრუნდე.“