ნანა შონია:

ნანა შონია: "როგორ შეიძლება, თეატრიდან მსახიობები მხოლოდ იმიტომ გაუშვა, რომ ივანიშვილის დახმარებაზე უარი არ თქვეს?"

მსახიობ ნანა შონიას თეატრალურ სცენასა თუ კინოში არაერთი შთამბეჭდავი სახე აქვს შექმნილი. მისი გმირები მაყურებელს არასოდეს ავიწყდება, რადგან თან ძალზე ცხოვრებისეულია, თან - განზოგადებული, საყოველთაო. სამწუხაროდ, დღეს ნანა შონია არც ერთი თეატრის დასში არ ირიცხება... მსახიობი დღევანდელი საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება.

- როგორ შეაფასებთ ამჟამად ქართულ თეატრში შექმნილ ვითარებას?


- ქართულ თეატრში ნამდვილად არ არის სახარბიელო სიტუაცია. რუსთაველის თეატრის სცენა, რომელიც ჩემთვის ძალზე ძვირფასია, ხშირად ეთმობა ათასგვარ შოუს. მინდა, მეტი დრამატული სპექტაკლი დაიდგას ამ სცენაზე, მუშაობის საშუალება ჰქონდეთ ისეთ რეჟისორებს, როგორებიც არიან რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, ისევე როგორც ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც ქართული თეატრის საუკეთესო ტრადიციებზე არიან აღზრდილი. ქართული თეატრი, კინო სწორედ ის ფენომენია, რითაც მსოფლიოში გვიცნობენ. მახსოვს, ჯერ კიდევ წლების წინ, როცა ინგლისში "სამანიშვილის დედინაცვალს" ვთამაშობდი, ვშიშობდი: გაიგებენ-მეთქი?! გაიგეს კი არა, ყველა დეტალზე ისეთი რეაქცია ჰქონდათ, შუა იმერეთში მეგონა თავი. მოგვიანებით გვითხრეს: ქართველები განსაკუთრებულები ხართო და ამ ფრაზაში არის ჭეშმარიტების მარცვალი. ჩვენში არის განსაკუთრებული არტისტიზმი. დღეს თეატრალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებიდან ბევრი რამ არის ჩემთვის მიუღებელი. როგორ შეიძლება, თეატრიდან მხოლოდ იმიტომ გაუშვა მსახიობები, რომ მათ ბიძინა ივანიშვილის დახმარებაზე უარი არ თქვეს, მაშინ როცა თითქმის მთელი დასი იღებდა მისგან ამავე შემწეობას წლების განმავლობაში?
როგორ შეიძლება, დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრიდან გაუშვა რევაზ თავართქილაძე და ლადო მექვაბიშვილი - ამ თეატრის კორიფეები?

- რით ახსნით, რომ დღეს ნანა შონია სცენაზე არ დგას?
- მიზეზთა გამო, რომელიც ჩემგან დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჯერ კიდევ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვამდე მომიხდა წამოსვლა როგორც თეატრალური სარდაფიდან, ისე რუსთაველის თეატრიდან. დღევანდელ სიტუაციაში კი რომელი თეატრის მმართველი დათანხმდება ჩემს შტატში აყვანას, მით უმეტეს, რომ კარგად იციან, არავის არაფერს ვთხოვ?! ასევეა ტელეპროექტებში, კოლეგები მეუბნებიან, რომ როგორც კი ჩემს გვარ-სახელამდე მივა საქმე, ვიბლოკები... მაგრამ ეს ტრაგედიად ნამდვილად არ მიმაჩნია, მეტიც, ეს, ალბათ, ლოგიკურიც არის, რადგან დღეს ამისი დრო არ არის.

- თქვენი არაერთი კოლეგა ამბობს: მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ამით ვამბობ სათქმელსო.
- ჩემი პროფესია მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ არ მესმის, მხოლოდ სცენიდან როგორ უნდა თქვა სათქმელი, მით უმეტეს დღეს? ჩემს პოზიციას არასოდეს ვმალავ, მე ხომ მარტო მსახიობი არ ვარ?! ვარ მოქალაქე, პიროვნება. ნურავინ მოიტყუებს თავს, რომ მაყურებელს, მით უმეტეს დღეს, არტისტის მორალური სახე, პოზიცია არ აინტერესებს. მიმაჩნია, რომ ამ გზითაც უნდა მივიტანო ჩემი სათქმელი მაყურებლამდე, გავამხნევო ადამიანები, ხელოვნებაც ხომ ამას ემსახურება? ჩემმა მეგობარმა, კოლეგამ გია გაჩეჩილაძემ ტელეპროექტით "საკანი #5" უდიდესი საქმე გააკეთა და დროებით გვერდზე გადადო სცენა, თუმცა, ცხადია, მისმა პროფესიონალიზმმაც განაპირობა ამ პროექტის წარმატება. შედეგიც გამოიღო და კულმინაციაც ჰქონდა 26 მაისს, სტადიონზე. ამგვარი ტელეპროექტები დღესაც საჭიროა. მაქვს საინტერესო ტელეპროექტის იდეა, რომლის განხორციელების საშუალებაც, ვფიქრობ, მომეცემა. 

- რატომ გაწევრდით საზოგადოებრივ მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგაში"? რის მიღწევას აპირებთ ამ გზით?
- ცივილიზებულ, მართლაც დემოკრატიულ არჩევნებამდე საკმაოდ რთული გზაა გასავლელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. ახლახან სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლებს შევხვდით და მათ წინაშე მეტად მნიშვნელოვანი საკითხი დავაყენეთ: საქმე ის არის, რომ დღევანდელი საარჩევნო კოდექსით, კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისთვის მხოლოდ ორი წარმომადგენლის ყოლის უფლება აქვს; რატომ უნდა იყოს, მით უმეტეს, ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, დამკვირვებლების რაოდენობა ცესკოს კეთილ ნებაზე დამოკიდებული?

- რას ფიქრობთ ქართველ ამომრჩეველზე, სჯერა მას არჩევნების გზით ქვეყანაში ვითარების შეცვლის?
- ჩვენს ირგვლივ არაერთი შემთხვევაა, როცა "ნაცმოძრაობის" აქტივისტები აშანტაჟებენ ადამიანს, რათა მათ მისცენ ხმა. ახლახან ჩემთან მოვიდა ქალბატონი, რომელმაც მითხრა: სწორედ ეს ზეწოლა იწვევს ჩემში შინაგან პროტესტს, ამით ისინი თავიანთ მხარდამჭერებსაც კარგავენო... მიმაჩნია, რომ ყველა ღირსეული ადამიანის პოზიცია ასეთი უნდა იყოს. ფაქტია ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ პოლიტიკაში ხალხი გამოაფხიზლა. 

- რით ახსნით, რომ როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დასავლეთის რეაქციას, ამა თუ იმ ელჩის გამონათქვამს...
- როცა ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ოპონენტთან დიალოგით მიზნის მიღწევას ვერ ახერხებ, იძულებული ხარ, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართო. Eესეც გამოუვალი ვითარებიდან თავის დაღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. 

ხშირად კითხულობენ, ვინ დგას "ამომრჩეველთა ლიგის" უკან: ერთნი ამბობენ, რომ ეს ლევან გაჩეჩილაძის მიერ შექმნილი ორგანიზაციაა, მეორენი კი თქვენს უკან "ქართული ოცნების" ლიდერებს განიხილავენ...
- როცა საერთო საქმე კეთდება, ქვეყნისთვის საჭირო საქმე, რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ გვარ-სახელებს? არ მესმის, რატომ უყვარს ხოლმე ჩვენი საზოგადოების ნაწილს ყველაფერში ჩაკირკიტება? ეს სამოქალაქო ორგანიზაციაა. 

თქვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ჩიკვაიძე ლევან გაჩეჩილაძის თანამოაზრე იყო "ქართულ პარტიაში", თქვენც მისი მეგობარი ხართ. რატომ აღარ აქტიურობს ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკურ ასპარეზზე?
- ლევან გაჩეჩილაძე ამ ეტაპზე პოლიტიკას ჩამოშორდა, ეს მისი გადაწყვეტილებაა, მიიჩნევს, რომ ასეა საჭირო. თუმცა "ამომრჩეველთა ლიგის" შექმნას დადებითად აფასებს და შემოგვიერთდება კიდეც. (2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ამომრჩეველთა ლიგას" ლევან გაჩეჩილაძეც შეუერთდა - ნ.კ.).

- 2007 წლიდან მოყოლებული აქტიურად ხართ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, რომლის მთავარი ლოზუნგი იყო: "არ მეშინია!". როგორ ფიქრობთ, დღეს დაძლეულია ეს შიში?
- ჯერ ბოლომდე გატეხილი არ არის. შიში ჩვეულებრივი ადამიანური განცდაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება, თუმცა, როცა ადამიანს მოთმინების ფიალა ევსება, ეს უკურეაქციას, საპროტესტო განწყობას იწვევს; ასე რომ, შიში, დათრგუნვილი ადამიანი ამ ხელისუფლების სანდო მოკავშირე არ არის. "შიში შეიქმს სიყვარულსა" ჩემთვის მიუღებელია. 

- არჩევნებამდე რამდენიმე თვე დარჩა, როგორ განვითარდება მოვლენები?
- რა თქმა უნდა, იქნება უსიამოვნო მოულოდნელობები, რაღაცებისთვის ჩვენ მზადაც ვართ. მოახლოებული არჩევნები წყალგამყოფი იქნება, მჯერა, ქართველ ხალხს კარგად აქვს გაცნობიერებული მისი მნიშვნელობა და ბრძნულ არჩევანს გააკეთებს. შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს. მჯერა, ხალხი თავის სათქმელს იტყვის.