დავით უსუფაშვილი - საარჩევნო სისტემის კუთხით ყველაზე უარესი ვითარება მივიღეთ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, საარჩევნო სისტემის კუთხით, ყველაზე უარესი ვითარებაა, რაც მისივე აზრით, “კოლექტიური არარაციონალური, შედეგზე არაორიენტირებული და ორ-სამ თვიან პიარ-შედეგებზე გათვლილი ნაბიჯების“ გამო შეიქმნა.
პარლამენტში, “რესპუბლიკლების“ მიერ წარდგენილ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელზე საუბრისას, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ არ იცის, არჩევნებამდე დარჩენილ დროში, რა სასიკეთო ცვლილება შეიძლება განხორციელდეს და ამასთან დაკავშირებით მაინც და მაინც ოპტიმისტურად განწყობილი არ არის.
“ვწუხვარ, რომ თითქმის წელიწადზე მეტია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკური ძალების, დაინტერესებული მხარეების შედეგზე ფოკუსირება ვერ მოხერხდა. ბევრს გახსოვთ, ერთი წლის წინ, აი აქ, მე ვამბობდი: - მოდი, თვალი გავუსწოროთ რეალობას და მივიღოთ შედეგი, გავერთიანდეთ იმის გარშემო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ ახლა, რათა 2016 წლის შემდგომი პერიოდი იყოს კონსესუსზე დაფუძნებული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავლისთვის. დღეს რა გვაქვს? - ვინაიდან სხვადასხვა პოლიტიკურმა ლიდერმა თუ ძალამ ჩათვალა, რომ პარლამენტში ალტერნალტიული საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ყოფილიყო ინიცირებული, ამის გამო კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე კენჭისყრა ამ დრომდე გაჭიანურდა. მივიღეთ ის, რომ 2016 წლის შემდგომი პერიოდიც გვაქვს აბსოლუტურად ბუნდოვანი, 2016 წლის არჩევნებისთვის შექმნილი გვაქვს სისტემა, რომელზეც თავიდანვე ითქვა, რომ არის ერთჯერადად გამოყენების და ჩვენ, საბოლოო ჯამში, ყველაზე უარესი ვითარება მივიღეთ - ეს არის შედეგი ჩემი აზრით, კოლექტიური არარაციონალური, შედეგზე არაორიენტირებული და ორ-სამთვიან პიარ-შედეგებზე გათვლილი ნაბიჯებისა, რამაც აქამდე მიგვიყვანა. ეს არის ძალიან ცუდი. არ ვიცი, არჩევნებამდე დარჩენილ ვადაში რა სასიკეთო ცვლილება შეიძლება მოხერხდეს - ამის თაობაზე მაინცა და მაინც ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.