გია უდესიანის დამ სპორტის სამინისტრო პროტესტის ნიშნად დატოვა

გია უდესიანის დამ სპორტის სამინისტრო პროტესტის ნიშნად დატოვა

ბრალდებულ გია უდესიანის დამ, ნატო უდესიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო პროტესტის ნიშნად დატოვა. შესაბამისი ინფორმაცია ნატო უდესიანმა ”ინტერპრესნიუსს” თავად მიაწოდა.

მისივე განმარტებით, სამსახურის პროტესტის ნიშნად დატოვების გადაწყვეტილება მისი ერთ-ერთი დის, ელზა უდესიანის, 36-ე ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო მიიღო.

ნატო უდესიანი მის დასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივით ხსნის და აღნიშნულს ძმის, გია უდესიანის ფაქტორს უკავშირებს, რომელიც ბრალდებულია.

ამასთან, ნატო უდესიანის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს მათი კიდევ ერთი და - ინგა გუგავა-უდესიანი, რომელიც ასევე 85-ე ბაღის დირექტორი იყო.

”ორივე დის შემთხვევაში არნახული ზეწოლა მიმდინარეობდა ჩვენი ძმის, გია უდესიანის ფაქტორიდან გამომდინარე. ორივე და აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა რეალურად ეს იყო პოლიტიკური ზეწოლა. ჩემს დებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო მე პროტესტის ნიშნად წამოვედი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან, სადაც 2001 წლიდან ვმუშაობდი”, - განაცხადა ნატო უდესიანმა, რომლის მტკიცებითაც, გარკვეული სახის ზეწოლა, რომ უწყებიდან წასულიყო, მასზეც ხორციელდებოდა.

ნატო უდესიანის ინფორმაციით, მისი ორივე და, რომელიც ბაღის დირექტორობიდან გაათავისუფლეს, სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.