„ნაციონალების დროს წართმეულ გოგირდის აბანოებთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა და სამართლიანობის აღდგენა არ უნდა გაჭირდეს“

„ნაციონალების დროს წართმეულ გოგირდის აბანოებთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა და სამართლიანობის აღდგენა არ უნდა გაჭირდეს“

„ჭრელი აბანოს“ ყოფილი მესაკუთრე სასამართლოს გზით ცდილობს 2007 წელს სახელმწიფოსთვის გადაცემული ქონების დაბრუნებას. მისი თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ დღეებში, აბანოს დღევანდელმა მენეჯმენტმა, რისი წაღებაც ფიზიკურად შეიძლებოდა აბანოდან, წაიღეს, გაზიდეს. მათ შორის, აყარეს მეტლახი და კაფელი. რაც ვერ წაიღეს ფიზიკურად, უბრალოდ დაჩეხეს და გაანადგურეს. „როცა გაოცებული პერსონალი მათ ეკითხებოდა, თუ რატომ იქცეოდნენ ასე, პასუხი იყო, რომ მათ ამ ქონებას არავინ შეარჩენდა. ეს არის ის რაც ფაქტია, და რომლის მომსწრე და თვითმხილველიც უამრავი ადამიანია. ასე გაანადგურეს ჩემი ოჯახის მიერ წლობით ნაწვალები და კრედიტ–კრედიტ განვითარებული ჭრელი აბანო, რომელიც მართლა იყო თბილისელების და ტურისტების ერთ–ერთი საყვარელი ადგილი“, – ამბობს გაზეთ „ბანკები და ფინანსებთან“ ინტერვიუში „ჭრელი აბანოს“ ყოფილი მეპატრონე გოგიტა ხიზანიშვილი.

მისი თქმით, 2006 წელს მისი ოჯახი, ისევ როგორც გოგირდის აბანოების ყველა სხვა მეპატრონე, იძულებული გახდა, პროკურატურის მხრიდან მათზე განხორციელებული მუქარის შედეგად, ქონება სახელმწიფოსთვის გადაეცათ. 2007 წელს კი აბანოები, მათ შორის „ჭრელი აბანო“ აუქციონზე გაიყიდა საბაზრო ფასთან შედარებით რამდენჯერმე იაფად.

„როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ აუქციონი დაინიშნა, გადავწყვიტეთ,  მიგვემართა სახალხო დამცველისთვის. მივმართეთ კიდეც, მაშინ სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იყო. მან, თავის მხრივ, გააკეთა განცხადება და მიმართა აუქციონის შესაძლო მონაწილეებს, რომ არ შეეძინათ ეს ქონება, რადგან ისინი იქნებოდნენ არაკეთილსინდისიერი მყიდველები.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ, მათ განაახლეს პროკურატურაში სარჩელი. „მივმართეთ პროკურატურას,  და სხვათაშორის, დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება. რამოდენიმე დღეში დაგვირეკეს და დაგვიბარეს დასაკითხად. დაგვკითხეს ყველა, ეს საქმე მიიღეს წარმოებაში და დაიწყეს გამოძიება. იმდენად ცხადია, რომ აბანოები წართმეულია, ჩემი აზრით, არ უნდა გაჭირდეს ნაციონალების დროს წართმეულ გოგირდის აბანოებთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა და სამართლიანობის აღდგენა“, – აცხადებს „ბანკები და ფინანსებთან“ ინტერვიუში გოგიტა ხიზანიშვილი.