ტორბიორნ იაგლანდი - ჩვენ განვაგრძობთ ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის განსახორციელებლად

ტორბიორნ იაგლანდი - ჩვენ განვაგრძობთ ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის განსახორციელებლად

ევროპის საბჭო საქართველოში არსებული კონფლიქტებისა და ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის მცდელობაზე ანგარიშის მომზადებას განაგრძობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა ქ. სოფიაში გააკეთა, სადაც ევროპის საბჭოს რიგით 126-ე მინისტერიალი მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, იაგლანდმა აღნიშნა, რომ მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების გადაწყვეტილება, ისევე, როგორც მისი ანგარიში მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ევროპის საბჭოს დღის წესრიგშია და იგი მომავალშიც გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას. 

არსებული ინფორმაციით, მინისტერიალზე მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოს კონფლიქტზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-13 კონსოლიდირებული ანგარიშის ცნობად მიღებისთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს ეხება.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის ფედერაციის პასუხისგებლობაზე, უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1255-ე სხდომაზე გადაწყვეტილება "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" 4 მაისს მიიღეს.