ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოს შესახებ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს.
ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალის შემაჯამებელ სიტყვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ მიტოვმა ისაუბრა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე.
მან განსაკუთრებით აღნიშნა 2016 წლის 4 მაისს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს ეხება.
საკუთარ გამოსვლაში მან ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმაზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ისეთივე წარმატებით განახორციელებს სამოქმედო გეგმას, როგორც ეს 2013-2016 წლებში განახორციელა.
"ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა შეისწავლა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ და დაამტკიცა ევროპის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმა 2016-2019 წლებისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა წინა პერიოდის სამოქმედო გეგმა და იმედი გვაქვს, რომ 2016-2019 წლების გეგმაც ასევე წარმატებით შესრულდება“ - განაცხადა დანიელ მიტოვმა.
დოკუმენტი მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ 2016-2019 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია, საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით.
ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალი ბულგარეთში, 2016 წლის 17-18 მაისს გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.