ლუკმა–პურის საშოვნელად და განათლების მისაღებად საქართველოდან უცხოეთში წასულ მოქალაქეებს, ზაქარია ქუცნაშვილის საადვოკატო ბიურო გარკვეულ დახმარებას სთავაზობს, რის შესახებაც პრესა.გე ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით იგი ამბობს, რომ 1991 წლის შემდეგ საქართველოდან წასული ადამიანების რიცხვი შეადგენს 1 700 ათასს, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან წასული ემიგრანტების რიცხვი 2 მილიონამდე ავიდა.
რა ტიპის სამართლებრივ მომსახურებას სთავაზობთ აქედან წასულ ადამიანებს?
ზაქარია ქუცნაშვილი: რამდენიმე მიზეზი არსებობს, რაც ამ 19 წლის განმავლობაში საემიგრაციო ტალღას არ ამცირებს. ხალხი მიდის იმისთვის, რომ უცხოეთში იმუშაოს და თავისი თავი და ოჯახი მინიმალურ დონეზე უზრუნველყოს; აქედან წასვლის მეორე მიზეზია განათლების მიღება; მესამე – ქორწინების მიზნით ემიგრაციაში წასვლა; საკმაოდ გაიზარდა ქალბატონთა რაოდენობა, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად იყენებენ ქორწინებას, ემიგრაციაში წასასვლელად; შემდეგი მიზეზი გახლავთ ოჯახური მიზეზით ემიგრაციაში წასვლა – შვილები წავიდნენ და მშობლებს მათთან ერთად ყოფნა, შვილიშვილების აღზრდაში მონაწილეობის მიღება უნდათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
აქედან წასულების დასახმარებლად სპეციალური სოციალური პროექტი შევიმუშავეთ, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, ე.წ. ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტის საშუალებით ხუთ სერვისს ვთავაზობთ.
უცხოეთში მუშაობის ლეგალურად დასაწყებად აუცილებელია ნასამართლეობის ცნობა; ზოგიერთ დაწესებულებაში ითხოვენ ცნობას, რომ წარმომავლობის ქვეყნიდან არ ჰქონდეს ადამიანს რაიმე საგადასახადო დავალიანება. იგივე ნასამართლეობის ცნობაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა უცხოეთში მართვის მოწმობა აიღოს.
უცხოეთში განათლების მიღებისთვის ძალიან მნიშველოვანია განათლების მოწმობის და დაბადების მოწმობის ქონა, იმისთვის რომ დადგინდეს ასაკობრივი მდგომარეობა და განათლების ცენზი. უცხოეთში ვერ შექმნით ოჯახს, თუ არ წარადგინეთ ოფიციალურ დოკუმენტს, თქვენი ოჯახური მდგომარეობის შესახებ. ჩვენ სწორედ აი, ამ დოკუმენტების დამზადებას ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი სერვისების გამოყენების შემთხვევაში, მათ საშუალქბეა ექნებათ ეს დოკუმენტები მიიღონ, როგორც საქართველოს საკონსულოში მიუსვლელად, ისე საქართველოში ჩამოუსვლელად.
თქვენ იცით რომ მაგალითად, ამერიკის შტატიდან ჩვენს საკონსულოში ჩასვლა, ან თუნდაც რუსეთის რომელიმე რესპუბლიკიდან მოსკოვში ჩასვლა (იქ სადაც საქართველოს საკონსულოა გახსნილი), საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული – მგზავრობა, ცხოვრება და სხვა ტიპის ხარჯები. ჩვენ ვთავაზობთ დოკუმენტების მიწოდებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, საცხოვრებელი სახლიდან გაუსვლელად.
ანუ ესპანეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის ნაცვლად საქართველოში შეგიძლიათ აიღოთ ნასამართლეობის ცნობა და გაგზავნოთ ესპანეთში?
– ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ, მოვიპოვით საჭირო დოკუმენტი, დავამოწმოთ სათანადო წესით და მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეს. საერთაშორისო ურთიერთობაში ქვეყნები სამ კატეგორიად იყოფა – აპოსტილის წევრ ქვეყნებად, დსთ–ს წევრ ქვეყნებად და ნებისმიერ სხვა ქვეყანად. დოკუმენტის შედგენა–დამოწმების საქმეში თითოეულ მათგანს თავისი მოთხოვნები აქვს. ეს ხომ ხალხმა არ იცის?! შესაბამისად, ადამიანი საკონსულოში უნდა ჩავიდეს, დადგეს რიგში, გადაიხადოს სასტუმროში ცხოვრების ხარჯები, რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს (ამისთვის დიდი დროც იხარჯება), ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვლა, ზემოხსენებული დოკუმენტების მისაღებად.
უფასოდ მოემსახურებით საქართველოდან წასულ ემიგრანტებს, თუ ამაში გარკვეული თანხის გადახდა მოუწევთ?
– იმის გამო რომ ამ ეტაპზე გრანტის მოპოვება ვერ შევძელით, შევიმუშავეთ სოციალური პროექტი, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი მომსახურების ტარიფები. ნებისმიერი ტიპის დოკუმენტის მოპოვება და სათანადო წესით დამოწმება, მოქალაქეებს დაუჯდებათ ასიდან სამასი ევროს ფარგლებში. დამეთანხმებით რომ საკმაოდ შეღავათიანი ფასია იმ ადამიანსთვის, ვისაც ოჯახის შექმნა უნდა, ვინც ან 2–3 000–ევროიანი სამსახური იპოვა, ვინც უცხოეთში სწავლის უფლება მოიპოვა.
ჩვენ საიტზე www. zakaria.ge აგვისტოდან განვათავსეთ სპეციალური გვერდი ემიგრანტებისთვის, რომელიც ინტერნეტსივრცეში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაგვიკავშირდნენ: ესპანეთიდან, რუმინეთიდან და ამერიკიდან.
კომუნიკაციის საშუალება იქნება ინტერნეტი, ხოლო დოკუმენტის მიწოდების საშუალება – საფოსტო გზავნილი. ბუნებრივია, დაცული იქნება კონფიდენციალურობა – უცხოეთში ჩვენი მოქალაქეები ლეგალურად იმყოფებიან თუ არალეგალურად, ეს არ გვაინტერესებს; ჩვენ მათ ვეხმარებით იმ დოკუმენტების მოპოვებაში, რომელიც სჭირდებათ. არალეგალურად ყოფნა იმ ქვეყნის პრობლემაა, რომელშიც ისინი იმყოფებიან.