ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით „თავისუფალი დემოკრატები“ დიპლომატებს ხვდებიან

ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით „თავისუფალი დემოკრატები“ დიპლომატებს ხვდებიან

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და პარტიის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. ისინი შეხვედრაზე საელჩოების წარმომადგენლებს ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს აცნობენ. 

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ბოლო პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა და საკითხი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, არის ე. წ. კაბელების საქმე, ირაკლი ალასანიასა და „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული პროცესი.

„ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მხარდამჭერი განცხადებები არა კონკრეტული პოზიციის, არამედ სამართლიანობის ზეიმისა და ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ მხარდაჭერა ძალიან ეფექტური, ღია და პირდაპირი იქნება. ე.წ. კაბელების საქმეზე დამდგარი განაჩენი არის კიდევ ერთი დიდი შეცდომა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც დაშვებულია არა „თავისუფალი დემოკრატების“, არამედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 „თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ დიპლომატებთან შეხვედრაზე ხაზგასმული იქნება ის ფაქტი, რომ აღნიშნული საქმე წმინდა პოლიტიკურია და მსჯავრდებულები უდანაშაულოები არიან.

„პროკურატურას არ ჰქონდა არგუმენტი, ხოლო ბუგიანიშვილმა მიიღო ინსტრუქცია და ამ ინსტრუქციით შეასრულა დავალება“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ 5 პირს სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.