იურისტთა ერთმა ჯგუფმა არსებული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ვახუშტი მენაბდემ აცნობა, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში დაფიქსირებულია ორი მოთხოვნა - აქედან ერთია, ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების გაუქმების შესახებ, რადგან ”არსებული მოდელით ამომრჩევლეთა ხმების 47%-ზე მეტი შეიძლება დაიკარგოს და მანდატებში ვერ აისახოს”, მეორე მოთხოვნა კი მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების შედეგების ერთმანეთზე მექანიკურ დამატებას ეხება, რაც მენაბდის თქმით, იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ძლიერმა პარტიებმა პროცენტულად იმაზე მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე მისი ელექტორალური მხარდაჭერა არსებობს.
“საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მმართველ გუნდს მოუწევს საარჩევნო სისტემა სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად შეცვალოს, რომელიც მაჟორიტარულ მანდატებს იმგვარი საარჩევნო სისტემით გაანაწილებს, რომლითაც მაქსიმალურად ნაკლები საარჩევნო ხმა დაიკარგება. ერთმანდატიან სისტემაში ყველაზე მეტი ხმა იკარგება - შეიძლება იყოს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა, რომელიც ნაკლებ ხმას დაკარგავს და შესაბამისად, უფრო მეტი ამომრჩევლის პოზიცია იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. გარდა ამისა, პარლამენტს მოუწევს მაჟორიტარული და პროპორციული სისტემის დაჯამების ნაცვლად, ისეთი კომბინაცია შემოგვთავაზოს, რომელიც მექანიკურ დამატებას არ ითვალისწინებს და მაქსიმალურად შეამცირებს დისპროპორციას, რაც გამარჯვებული პარტიის საპარლამენტო მანდატებსა და მის მიერ მოპოვებულ ელექტორალურ მხარდაჭერას შორის არსებობს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ვახუშტი მენაბდემ.