საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ჟურნალისტები და პერსონალი დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელთან საგანგებო მიმართვას გააკეთებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირიდან“ აცნობეს, საინფორმაციო სამსახურის, „მოამბის“ ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ და საგანგებო მიმართვას მედიას და არასამთავრობო სექტორს გააცნობენ.
დასაქმებულების მთავარი მოთხოვნა ხელფასების ზრდა და საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაა. „მედიაში დასაქმებულთა პროფკავშირის წევრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მედიატორის გამოყოფის თხოვნით მიმართავს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დასაქმებულები გაფიცვის უფლებას იტოვებენ“, - აცხადებენ „მედიაში დასაქმებულთა პროფესიულ კავშირში“.