სამართალდამცავებმა ”თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს თბილისში, ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის საპროტესტო პლაკატების გაკვრის საშუალება არ მისცეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”თავისუფალ დემოკრატებში” განუცხადეს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს პლაკატები და ინვენტარი ჩამოართვეს.
”ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა წუხელ თბილისში დაიწყეს ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლის საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრა, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ დააპატიმრა 5 უდანაშაულო ადამიანი. ახალგაზრდები პლაკატებს აკრავდნენ დასაშვებ ადგილებში ანუ იქ, სადაც სხვა ბანერებიც იყო განთავსებული, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სამართალდამცველების მხრიდან ხელშეშლა დაიწყო თბილისის ყველა წერტილში ერთდროულად. ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს ჩამოართვეს ინვენტარი, ასევე ”დააპატიმრეს” ბუგიანიშვილის პლაკატები”, - აცხადებენ პარტიაში.
მათივე განმარტებით, ახალგაზრდები არ დაუკავებიათ.
”ისინი ახსნა-განმარტების საფუძველზე გამოუშვეს. ველოდებით, რომ დღეს ადმინისტრაციული წესით ჯარიმას გამოუწერენ”, - განმარტავენ ”თავისუფალ დემოკრატებში”.
პლაკატს, რომელსაც პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აკრავდნენ, აქვს წარწერა: ”ბესიკ ბუგიანიშვილი იჭერს სამშობლოს სამსახურისთვის”.
როგორც ცნობილია, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 14 მაისს, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ, თავდაცვის სამინისტროს ხუთივე თანამშრომელს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.