პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე უარყოფითი პოზიცია აქვს

პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესულ ცვლილებებზე უარყოფითი პოზიცია აქვს

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია აქვს, თუმცა, მან ქუთაისში, ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, კონკრეტული ვერდიქტი მხოლოდ მაშინ იქნება გამოტანილი, როცა კანონპროექტი პრეზიდენტთან მივა.

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე ჩემი განწყობა არის უარყოფითი. როდესაც კანონი ჩემთან მოვა, მაშინ იქნება კონკრეტული ვერდიქტი გამოტანილი. როგორც კი ეს პროცესი დაიწყო, ჩემი და ჩემი გუნდის მხრიდან დაისვა კითხვა იმის თაობაზე, რა საჭიროებას წარმოადგენდა კანონის ასე ფორსირებულად და სწრაფ რეჟიმში გატანა. რატომ არ ხდება ამ კანონის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნა, რატომ არ არიან ჩართული ამ დუსკუსიაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები. 

ჩვენი სახელმწიფო სისტემა დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან "ნაგებობაზე", ინსტიტუტზე. ეს არის სასამართლო, საბანკო, აუდიტის სისტემა, პარლამენტი, მთავრობა. ეს "ნაგებობები" მთლიანობაში ქმნიან ეფექტურად მომუშავე სახელმწიფოს და მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტების უფლებამოსილებები იყოს დაბალანსებული. ჩემთვის შარშანაც გაუგებარი იყო, როდესაც დაიწყო ფორსირებული შეტევა ეროვნული ბანკის შესუსტებაზე, რამ განაპირობა ასეთი შეტევა? დღესაც ჩემთვის გაუგებარია ის ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღო პარლამენტმა. მე არაერთხელ დავაფიქსირე ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება ამ კანონპროექტის მიმართ, რადგან არ შეიძლება ქვეყნის ფუნდამენტური სტრუქტურების თემით მუდმივი თამაში. 

ჯერჯერობით პარლამენტს კანონპროექტი ჩემთვის არ გადმოუგზავნია. იმისთვის, რომ ვთქვა ვეტო იქნება თუ არა, უნდა გავეცნო კანონპროექტს. ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ იყო პროცედურული დარღვევებიც", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა