გიორგი მარგველაშვილი:  რუსეთთან გვჭირდება მშვიდი დიალოგი და არა იარაღის ჟღარუნი

გიორგი მარგველაშვილი: რუსეთთან გვჭირდება მშვიდი დიალოგი და არა იარაღის ჟღარუნი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში კადეტებთან შეხვედრის დროს რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. მარგველაშვილის თქმით, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკა არის მკაფიო და ნათელი.

„ჩვენ ვხედავთ ქართულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. ეს ქართული პოლიტიკა არის ძალიან ნათელი და კონკრეტულად ჩამოყალიბებული. ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთთან გვჭირდება რაციონალური და მშვიდი დიალოგი და არა იარაღის ჟღარუნი, დაპირისპირება და პოლიტიკური ნათქვამები, არამედ პოლიტიკა, სადაც ერთ მხარეს იქნება საქართველოს ინტერესები და მეორე მხარეს რუსეთის ინტერესები და ჩვენ ვლაპარაკობთ ამ ინტერესებზე. რუსეთთან დიალოგში არის ერთი ძალიან ნიშვნელოვანი წინაპირობა - რუსეთის ფედერაციამ უნდა აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოს. ამ მოთხოვნებს რუსეთის ფედერაცია ვერსად გაექცევა. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგიაა რუსეთთან ავაგოთ რაციონალურად მშვიდი დიალოგი. ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა და გვაქვს წარმატება. როდესაც ვსაუბრობთ რუსეთთან უფრო აქტიური სავაჭრო, კულტურული პოლიტიკის შესახებ, ამ თვალსაზრისით ვიცით, რომ რუსეთის ბაზარი მეტ-ნაკლებად გაიხსნა ჩვენთვის. არაერთი რუსი ტურისტი და ბიზნესმენი ჩამოდის და თავისუფლად მოღვაწეობს საქართველოში. ეს არის ერთი ნაწილი, რომლითაც ჩვენ შევძელით დაძაბულობის ფონის მოხსნა, მაგრამ არის მეორე ნაწილიც, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მაშინ, როდესაც 2014 წელს ყოველგვარი მიზეზის გარეშე რუსეთმა რატომღაც გააფორმა სამოკავშირეო ხელშეკრულება ცხინვალთან, ამან გაუგებარი გახადა რა პოლიტიკას ატარებს რუსეთი კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში, მაგრამ არჩევანი არის ნათელი. საქართველოს არც ერთი მოქალაქე და ხელისუფლება ხელს არ მოაწერს ოკუპაციას. ეს არის წინაპირობა. ასევე, ქართველებს არ გვაქვს პრობლემა და მტრული დამოკიდებულება რუსების მიმართ და რაღაც მომენტში ჩვენ უნდა შევძლოთ და ველაპარაკოთ არა პოლიტიკური ბლოკადებით, არამედ რაციონალურად სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.