ბლიუზი შავკანიანებმა ზოგადსაკაცობრიო მუსიკად აქციეს, ხოლო მისი გავრცელება და მორგება სხვადასხვა მრწამსისა, თუ გემოვნების ადამიანებზე, განსაკუთრებულ ძალისხმევასა და ინტუიციას მოითხოვდა. ძნელია, არ დაეთანხმო აზრს, რომ ბი ბი კინგის 70 წლიანი მუსიკოსის კარიერა ამ მხრივ შეუდარებელია და რომ სრულიად სამართლიანადაა იგი შერაცხული ბლიუზის მეფედ... მისისიპის დელტა ბლიუზის უდიდესი წარმომადგენლის ხანგრძლივი მუსიკალური კარიერა, არაერთი უმაღლესი კატეგორიის ტიტულს ითვლის, რომელთაგან ზოგიერთის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ. მრავალი თანამოაზრის მსგავსად, ბი ბი კინგმა ხელსაყრელ მომენტში ფერმერობიდან სცენაზე გადაინაცვლა, მაშინ, როდესაც ინსტრუმენტს უკვე შესანიშნავად ფლობდა, თუმცა მისივე თქმით, უჭირდა სიმღერის პარალელურად დაკვრისას რიტმის შენარჩუნება და ზოგიერთი აკორდის აღება, რასაც ლაღი იმპროვიზირებული დაკვრით ავსებდა. ბი ბი კინგს სახელის მოხვეჭაში მემფისის რიტმ ენდ ბლიუზური რადიოსადგურის მუსიკალურ წამყვანად მუშაობა დაეხმარა. ამავე – 1946 წლიდან იგი ჯგუფის შექმნაზე ფიქრობს. სურვილი რეალობად სამი წლის შემდეგ ექცა. ჯგუფი 8 მუსიკოსისგან შედგებოდა და პრაქტიკულად ბლიუზ ორკესტრს წარმოადგენდა. 1956 წლისათვის კოლექტივი იმდენად დაიხვეწა, რომ მისი სახელი ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. ბი ბი კინგმა წლის განმავლობაში 342 (!) კონცერტი გამართა, ხოლო ოფიციალური სასცენო მოღვაწეობის მანძილზე ბლიუზის მეფეს აქამდე 15000–მდე კონცერტი აქვს ჩატარებული... მაშინ მუსიკოსმა საკუთარი ლეიბლიც კი დააარსა, თუმცა დაძაბული საკონცერტო გრაფიკი მას ბიზნესმენობაში ხელს უშლიდა. ბი ბი კინგის ამ პერიოდის რეპერტუარი უკვე მოიცავდა ისეთ კლასიკურ კომპოზიციებს, როგორიცაა You Know I Love You, You Upset Me Baby, Every Day I Have the Blues, Sneakin' Around, Sweet Little Angel, Please Accept My Love. საყოველთაო აღიარება კი ბი ბი კინგმა 1951 წელს ჩაწერილი Three O'Clock Blues–ით მოიპოვა. 1962 წელს მუსიკოსის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა. მასთან კონტრაქტი მომავალში ცნობილი MCA Records–ის მიერ „შეჭმულმა“ ABC-Paramount Records–მა გააფორმა. ორიოდ წლის შემდეგ სწორედ ამ ლეიბლმა გამოსცა ისტორიული ლაივ ალბომი Live at the Regal, რომელმაც მსმენელი არა მხოლოდ მასში შესული მასალით, არამედ იმ დროისათვის საკონცერტო ჩანაწერის საოცრად მაღალი ხარისხით გააკვირვა. კონცერტს კლასიკური Every Day I Have the Blues ხსნის, რომელსაც მხარს ზემოთ ჩამოთვლილ ზოგიერთ სიმღერასთან ერთად, ჯონი ვინტერის ხელში 12 წუთიან ბლიუზ–გიტარ სოლო კლასიკად ქცეული It's My Own Fault, How Blue Can You Get, Woke Up This Morning უბამენ. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ბი ბი კინგის პრაქტიკულად ნებისმიერი ალბომი რაღაც ტიტულით ჯილდოვდებოდა, რადგან შეუძლებელი იყო, რომ მისი საოცრად მშვიდი აურითა და დადებითი ენერგეტიკით, ზოგადად მუსიკის მსმენელი არ მოხიბლულიყო. ბი ბი კინგი გრემის ნომინანტი, როგორც რიტმ–ენდ–ბლიუზ, ასევე პოპ ჩარტებში გამარჯვებული The Thrill Is Gone-ით გახდა. სიმღერამ ჟურნალ როლინგ სთოუნის მიერ შედგენილ 500 უდიდეს ჰიტს შორის 183–ე ადგილი დაიკავა, ხოლო თავად ბლიუზმენმა კი ბლიუზის დიდების დარბაზში 1980 წელს შეაბიჯა. აქამდე ერთი წლით ადრე, ბი ბი კინგმა დღევანდელი გადასახედით მეტად უცნაური რამ – საბჭოთა ტურნე მოიმოქმედა და ქართველი მსმენელიც დააჯილდოვა, გამოჩნდა რა 1979 წელს თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის სცენაზე... ბი ბი კინგის ადრეული და გვიანდელი პერიოდის ჩანაწერების მომსმენ ადამიანს, უთუოდ გაუკვირდება მისი ხმის ტემბრის თითქმის უცვლელად შენარჩუნება. ბლიუზის ვეტერანი უკვე შედარებით იშვიათად გამოდის სცენაზე და გამოსამშვიდობებელი ტურნე უკვე სამჯერ ჩაატარა, თუმცა საკუთარ თავსაც და სხვებსაც ამშვიდებს – „არასოდეს თქვა აღარასოდეს“... ამ აზრს ამყარებს განცხადების შემდეგ ჩატარებული მნიშვნელოვანი კონცერტები. აქ ზოგიერთ მათგანზე შევჩერდებით. 2007 წლის ივლისში ბი ბი კინგმა 20 სხვა გიტარისტთან ერთად, ერიკ კლაპტონის მიერ მოწყობილ Crossroads Guitar Festival–ზე მიიღო მონაწილეობა. აქ მხცოვანმა ბლიუზმენმა რობერტ ქრეის, ჰიუბერტ სამლინისა და ჯიმი ვოუგენის გარემოცვაში Paying the Cost to Be the Boss, Rock Me Baby და რაღა თქმა უნდა The Thrill is Gone შეასრულა. ერთი წლის შემდეგ, ბი ბი კინგმა უკვე ჩიკაგოს რიგით 25–ე ბლიუზ და მონტერეის პოპ ფესტივალზე დაუკრა, შემდეგ Maryland Theater –ის სცენა დაამშვენა, ხოლო სეზონი კი გიტარისტ ჯონ მეიერთან დუეტში გრემის 51–ე ცერემონიალის Let the Good Times Roll–ით დამაგვირგვინებლად დაასრულა... 2009 წელს ბი ბი კინგმა კონცერტებით საფრანგეთი, გერმანია, ბელგია და სკანდინავიის ქვეყნები მოიარა. ამას 2010–ში სინდი ლაუპერის ალბომის ჩაწერაში, ხოლო 2011–ში კი გლასტონბერის ფესტივალზე მონაწილეობა დაერთო. გასულ წელს დიდმა ბლიუზმენმა ევროპული ტურნე ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლში The Allman Brothers Band–ის ახალგაზრდა გიტარისტ დერეკ ტრექსის, სიუზან ტედესკისა და რონ ვუდის კომპანიაში გახსნა. ჯერჯერობით ბოლო მნიშვნელოვანი კონცერტი კი ბი ბი კინგმა ორიოდე კვირის წინ, ჩიკაგოს House of Blues ფესტივალზე გამართა. სცენაზე მან ჯორჯ ბენსონთან ერთად 20 წუთი „გაუბერა“, მიულოცა რა შესანიშნავი დაკვრით სახელოვან მუსიკოსს დაბადების დღე. ბი ბი კინგი კიდევ არაერთ სასცენო მეგობარს მიულოცავს დაბადების დღეს. მისი მიმდინარე წლის საკონცერტო თარიღები 5 სექტემბრის ჩათვლითაა გაწერილი. 16 სექტემბერს კი ბლიუზის მეფეს 87 წელი შეუსრულდება... საერთოდ ბი ბი კინგი ათწლეულების განმავლობაში დიდი სიამოვნებით იცვლიდა შემსრულებლებს. მასთან თანამშრომლობით უამრავი განსხვავებული ტიპის მუსიკოსი დაიკვეხნის. ხავერდოვანი ხმის მქონე, საოცრად მშვიდი აურის მატარებელმა ადამიანმა ერთხელ აღგზნებული პუბლიკის დამშვიდებაც კი სცადა, დაუკრა რა მუჰამედ ალისა და ჯონ ფრეზერის 1974 წლის ცნობილი საკრივო დაპირისპირების წინ... ასე რომ, ბი ბი კინგს ჩვენს მიერ აქამდე განხილული არაერთი ბლიუზმენისაგან განსხვავებით, ადამიანთა გემოვნების გაცილებით ფართო სპექტრის დაკმაყოფილება შეუძლია. ათწლეულების განმავლობაში, იგი თითქოს ახალს არც აღარაფერს ჰქმნის, მაგრამ მისი ნებისმიერი ახალი ალბომი მაინც შესანიშნავად ისმინება. მეტიც, დაკვრაში ყოველთვის შეიმჩნევა გარკვეული სიახლე. ბი ბი კინგის „ბოლო“ პერიოდის ალბომებიდან განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა 2000 წელს ერიკ კლაპტონთან დუეტში ჩაწერილ Riding with the King-ს მოჰყვა. ტრადიციული ბლიუზის დარგში ალბომი გრემის ნომინანტი გახდა, თუმცა ჟანრის მრავალი მოყვარული ნამუშევრით უკმაყოფილო დარჩა. შეიძლება ამის მიზეზი ალბომის გარეკანზე ეპოქალურ ავტომანქანაში გამოსახული ორი გაზულუქებული მუსიკოსიც კი იყოს. სადღაა ბლიუზმენის მრწამსი კარგი ადამიანის გაჭირვებაში ყოფნასთან დაკავშირებით... თუმცა, ალბათ უკვე დროა, რომ 21-ე საუკუნის აზროვნებასა და რიტმს მივუსადაგოთ ბლიუზური სულისკვეთება და ვიხაროთ ცხოვრებით, რომელიც გვაქვს უთვალავი ფერითა... ყოველ შემთხვევაში ბი ბი კინგის ცხოვრებისეულ ხედვაში, მის თანამედროვე არაერთი შავკანიანი ბლიუზმენისაგან განსხვავებით, პროტესტი ყოველთვის ნაკლებად გამოსჭვივოდა. ალბათ ამიტომაც ვიცნობთ ჩვენ ბლიუზის მეფედ წოდებულ ვეტერან მუსიკოსს ყოველთვის იუმორის გრძნობით აღსავსესა და მომღიმარს. ბოლოს და ბოლოს ერთი შეხედვით „ერთფეროვანი“ მუსიკალური სტილის უკვე ორსაუკუნოვანი არსებობა, გარკვეულწილად ხომ ბლიუზის მეფედ შერაცხულ ბი ბი კინგს უნდა უმადლოდეს. ამის აღსანიშნავად მას 2008 წლის 13 სექტემბერს მისისიპის შტატის ქალაქ ინდიანოლაში, სიცოცხლეშივე მუზეუმი გაუხსნეს.
|