„დონალდ ტრამპის ჩამოსვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ანალიტიკური ცენტრის ან პოლიტოლოგის გამოკვლევა, რომ საქართველო ადგას წარმატების გზას. 80-მილიონიანი თურქეთის გარდა, კონტინენტურ ევროპაში საქართველო ერთერთია, სადაც ტრამპი თავის პარტნიორებთან ერთად ავითარებს თავის კომერციულ, საცხოვრებელ და სასტუმრო ცენტრს. ტრამპი მსოფლიო მასშტაბით წარმატებისა და ბრწყინვალების მართლაც განსაკუთრებული ნიმუშია. ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია ამ ორდენის თქვენთვის გადმოცემა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ტრამპმა კი პრეზიდენტს დაჯილდოებისთვის მადლობა გადაუხადა.
„პრეზიდენტო, თქვენ დიდი შრომა გასწიეთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ ვყოფილიყავით. თქვენ ოთხი წლის წინ დაიწყეთ ამაზე მუშაობა, როდესაც დამირეკეთ და მითხარით, რომ მსოფლიოში ბევრი რამე გავაკეთე და გსურთ, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი. შემდეგ კიდევ დამირეკეთ. მაიკლ კოენი და გიორგი რამიშვილი - ჩვენ ორი დიდი პარტნიორი გვყავს, რომელიც ფანტასტიურ სამუშაოს ასრულებენ. მე მიყვარს საქართველო და პატივ ვცემ ამ ქვეყანას. ეს ერთ-ერთი უსაფრთხო ადგილია მსოფლიოში“, - განაცხადა ტრამპმა, რომელმაც თვითმფრინავიდან დაინახა, რა გასაოცარი მშენებლობები მიმდინარეობს საქართველოში.
ტრამპის საქართველოში ჩამოსვლა, მსოფლიოს მასშტაბით ყველა ინვესტორისთვის მწვანე შუქია საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად, ტრამპი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა საერთაშორისო ბიზნესგარემოში. ასე შეაფასა ამერიკელი მოლიარდერის საქართველოში ჩამოსვლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ.
ცოტა უცნაურია, მაგრამ ტრამპი საქართველოში ფულის დახარჯვას რომ არ აპირებს, დიდი ხანია, ცნობილია. ამასთან, ტრამპის ინვესტიციების შესახებ ამერიკაში ნაკლებად არის ცნობილი. თუმცა ამერიკული მედიის ინფორმაციით, ცნობილი ტელეწამყვანი და უძრავი ქონების მაგნატი, ძირითადად ინვესტიციების ჩადებით კი არა, საკუთარი სახელის გაყიდვით არის დაკავებული. დღეისთვის ტრამპის სახელი ეწოდება ერთ-ერთ ტელეარხს, გოლფ კლუბს, ოქროს ნაკეთობებს, წიგნს, შოკოლადს და არაყს. პირველად ტრამპის სახელი ორ ცათამბრჯენს დაერქმევა და ისიც, საქართველოში.
ხელშეკრულების თანახმად, რომელიც გასული წლის 11 მარტს გაფორმდა ტრამპის ბრენდით აშენდება სასტუმროები თბილისსა და ბათუმში.
ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტი არქიტექტურული ფირმა John Fotiadis Architect–ის მიერ არის შემუშავებული. თანამედროვე 47-სართულიან შენობაში 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინები განთავსდება, რომლებსაც ხედები შავი ზღვის სანაპიროსკენ ექნება.
თბილისში სავარაუდოდ სახელი გადაერქმება „რედისონ ბლუს“, იგივე „ივერიას“, ან მის მოპირდაპირე მხარეს აშენდება ახალი სასტუმრო. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ფულს იშოვნიან „ზარალა“ და „ტილიკა“.
2011 წლის 10 მარტს უძრავი ქონების მაგნატმა დონალდ ტრამპმა და „სილქ როუდ ჯგუფმა“ ხელშეკრულება გააფორმეს. მიხეილ სააკაშვილი ბედნიერი იყო იმით, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც ტრამპთაუერები აშენდებოდა.
ხელისუფლებამ მეორე დღესვე გვამცნო, რომ ამერიკელი მილიარდერი 250 მილონ დოლარიანი ინვესტიციით შემოვიდა საქართველოში. იმავე დღეს ამერიკულ მედიაში გახმაურდა, რომ დონალდ ტრამპი ფულის ჩადებას არ გეგმავს, რადგან ხელშეკრულება „სილქ როუდ ჯგუფისთვის“ „ტრამპის“ ბრენდის მიყიდვას ითვალისწინებდა. მოკლედ, სასტუმროებსა და კაზინოებს ბათუმში „სილქ როუდ ჯგუფი“ აშენებს საკუთარი ფულით, ხოლო ტრამპისგან მიიღებს უფლებას ამ შენობებს მისი სახელი, „ტრამპი“ დააწეროს.
ეს ამბავი შარშანვე ცნობილი იყო, საქართველოს მთავრობა კი ისევ ჯიუტად გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციები შემოდის.
ვიდრე ტრამპის ისტორიაზე გადავიდოდეთ, ცოტა რამ იმ ქართული კომპანიის შესახებ, რომელმაც, სავარაუდოდ, 5 მილიონი დოლარი „ტრამპის“ ბრენდის შეძენაზე დახარჯა.
თავის დროზე „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილმა მხედრიონელებმა გიორგი რამიშვილმა, იგივე „ზარალამ“ და ლევან კაჭარავამ, იგივე „ტილიკამ“ შექმნეს.
როგორც ცნობილია, კაპიტალი შევარდნაძის პერიოდში გადაზიდვებიდან დააგროვეს, შემდეგ, ბიზნესი გააფართოვეს და შუა აზიის გარდა ავსტრიაშიც შეაღწიეს.
ცნობილია, რომ „ზარალა“ და „ტილიკა“ 90-იან წლებში დაუახლოვდნენ ყაზახეთის ბიზნეს კლანებს, კერძოდ, ნაზარბაევის სიძეს თემურ კულიბაევს და ყოფილ მინისტრსა და „ბტა“ ბანკის ყოფილ მმართველს, მუხტარ აბლიაზოვს, რომელიც საერთაშორისო თაღლითადაც არის ცნობილი.
ოთხეულმა სააკაშვილის მმართელობისას საქართველოში „ყაზმუნაიგაზი“ და „ბტა“, იგივე ბანკი ტურან ალემი შემოიყვანა და საქართველოში „სილქ როუდ ჯგუფი“ დააფუძნა. „სილქ როუდ ჯგუფმა“ ყაზახური ინვესტიციების სახელით შეიძინა „თბილგაზი“, „გაერთიანებული ტელეკომი“ ბათუმის ტერმინალი და ნავთოგადამამუშავებელი ქარხანა, თბილისის იპოდრომი, სასტუმროები თბილისში ბათუმსა და ლიკანში.
მათვე დააფუძნეს „სილქ როუდ ბანკი“. ყაზახებმა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველო დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით „ტილიკა“ კომპანია „მულტიპლექს სოლუშენის“ თანამფლობელიცაა, რომელიც თავის მხრივ „თბილისის წყლის“ მესაკუთრეა.
როგორც ამბობენ, შევარდნაძის დროს ბიზნესმენად ქცეული მხედრიონელები სააკაშვილის ბიზნესელიტაში ნიკა რურუას წყალობით მოხვდნენ, რომელიც „ტილიკას“ და „ზარალასთან“ მეგობრობის გარდა, „ვერის საძმოს“ წევრადაც არის ცნობილი საზოგადოებისთვის.
ცოტა უცნაურია, როდესაც აქ, საქართველოში ასეთი გაქანებისა და სიმდიდრის მქონე ბიზნესმენები ჰყავს სააკაშვილს, ამერიკელი მილიარდერები რაში სჭირდება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრამპი ამერიკაშია თაღლითობით განთქმული, ადვილი წარმოსადგენია, რა დიდებული ტანდემიც შედგა გასული წლის 10 მარტს.
სხვათაშორის, თავად ტრამპმა განაცხადა, რომ საქართველოში ბევრი მილიარდერია და ამ სასტუმროებს მათთვის აშენებდა. მიზეზი კი ის გამხდარა, რომ თურმე, საქართველოს პრეზიდენტით მოხიბლულა. მოიხიბლა თუ არა ქართული ეკონომიკით, ძნელი სათქმელია, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე სულ რაღაც 4 400 აშშ დოლარია, ეს არის ქვეყანა, სადაც მშპ ყველაზე დაბალია ამიერკავკასიაში.
მერე ისიც გაირკვა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ ხელშეკრულებისთვის დიდი შრომა გასწია და ტრამპს ორჯერ ეწვია ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში.
ვინ არის დონალდ ტრამპი, ამერიკაში კარგად იციან, შევეცდებით მის შესახებ მოკლედ ქართველ მკითხველსაც მოვუთხროთ.
დონალდ ტრამპი მდიდარი, ქარიზმატული, სკანდალური ბიზნესმენია, რომელსაც პოლიტიკური ამბიციები აქვს. ცოტა ხნის წინ აშშ-ს პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე სერიოზულად ფიქრობდა და წინასაარჩევნო კამპანიაც წამოიწყო.
სწორედ ამ წინასაარჩევნო კამპანიაში შედიოდა ობამას დაბადების ადგილისა და ამერიკის მოქალაქეობის ეჭვქვეშ დაყენება. შემდეგი თემა ობამას სწავლა-განათლებით დაინტერესება იყო.
ამბობენ, რომ ტრამპმა პრეზიდენტობა მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც ობამამ ერთ-ერთ დიდ წვეულებაზე საჯაროდ გააშავა.
ტრამპის არაორდინალურობაზე მეტყველებს მისი მოთხოვნები, მაგალითად, ის ითხოვს ჩინეთის დასჯას ვალუტის კურსის მანიპულირებისთვის, არაბული კარტელების მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას, საზღვარგარეთ ძვირადღირებული ომების დასრულებას და ა.შ. რაც მთავარია, არად დაგიგევთ საკუთარ პოზიციებს და თუ დასჭირდა იმ რეფორმის წინააღმდეგ წამოიწყებს კამპანიას, რომელსაც ცოტა ხნის წინ მხარს უჭერდა. სწორედ მსგავს ფაქტებში ამხილა ობამამ საჯაროდ.
ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბარაქ ობამას კონკურენტ რესპუბლიკელ ნიუტ გინგრიჩს უჭერს მხარს.
სენსაციების მოყვარული ტრამპით ბოლო დროს ამერიკული მედიაც დაინტერესდა და აღმოაჩინა, რომ ტრამპის უძრავი ქონების კომპანიის საქმიანობასა და სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ.
ზოგჯერ ტრამპი მხოლოდ თავისი ბრენდის ლიცენზიას ყიდის და პროექტში ინვესტიციას არ ახორციელებს. მოკლედ, ამ კუთხით საქართველო პირველი არ არის, მაგრამ საინტერესოა, ვინ ვინ მოატყუა, ტრამპმა ქართველები, თუ - პირიქით.
მედიის ინფორმაციით, ტრამპი ოთხჯერ გაკოტრებულა. მილიარდერი ამას იმით ხსნის, რომ გაკოტრების კანონმდებლობით „ისარგებლა“ და ვალები აიცილა.
„ტრამპის უნივერსიტეტს“ ჯერ ლიცენზირების წესის დარღვევაში ადანაშაულებდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთმა სტუდენტმა უნივერსიტეტის მესვეურთა აღმაშფოთებელ სიხარბესაც გაუსვა ხაზი. სხვათაშორის ამ სტუდენტს ტრამპმა სასამართლოში უჩივლა.
რაც შეეხება საქართველოსა და ტრამპის ბიზნესგეგმებს, საბოლოოდ გაირკვა, რომ მართალია მან შეთანხმებას ხელი მოაწერა და ცათამბჯენს მისი სახელი დაერქმევა, მაგრამ ქართველებს მშენებლობისთვის საჭირო სახსრების მოძიებაში დახმარებასაც დაპირდა. ასევე ცნობილია, რომ პროექტში, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 250 მილიონი დოლარია, საკუთარი ფულის ჩადება არ ისურვა.
ამის მიუხედავად, მთავრობა ოპტიმისტურადაა განწყობილი და პომპეზური დახვედრაც მოუწყო, მარტო იმიტომ, რომ ამერიკელი მაგნატის ცნობადობა და მომხიბვლელობა პროექტისთვის კარგი რეკლამაა.
„როდესაც ისეთი ადამიანი როგორიც ტრამპია გადაწყვეტს, რომ საქართველო მისი ბრენდისთვის შესაფერისი ადგილია, მას უამრავი სხვა კომპანიაც ხალისით მიბაძავს“, - გვარწმუნებს მინისტრი ვერა ქობალია.
ბოლოს და ბოლოს, ქართველმა ინვესტორებმა აღიარეს, რომ იყენებენ დონალდ ტრამპის სახელს, ანუ აქვთ ლიცენზია. ფული ქართულმა კომპანიამ უნდა მოიზიდოს. კონტრაქტით არ არის გათვალისწინებული, რომ ტრამპმა პროექტებში საკუთარი ფული უნდა ჩადოს. „მაგრამ მთავარია, რომ ტრამპი ფულის მოზიდვაში დაგვეხმარება“, - სჯერათ ქართველ ინვესტორებს.
რამდენად დაეხმარება, ესეც საეჭვოა, თუმცა მკითხველმა თავად განსაჯოს, ჩვენ კი შემოგთავაზებთ ტრამპის მიერ განხორციელებული პროექტების სიას, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი უძილაურმა განათავსა facebook-ზე:
სასტუმრო Trump Plaza Hotel გაკოტრდა, ტრამპს მოუწია მისი 49% წილის დათმობა CITIBANK -ისთვის;
პროექტი Trump Shuttle პროექტი გახსნისთანავე დაიხურა;
სასტუმროთა ქსელი Trump Hotels & Casino Resorts გაკოტრდა 2004 წელს (ამავე წელს ტრამპმა მეორედ გამოაცხადა პირადი გაკოტრება);
სამორინეთა ქსელი Taj Mahal გაკოტრდა 2006 წელს
პროექტი GoTrump.com დაიხურა 2007 წელს, დაწყებიდან 1 წელიწადში;
სამორინეთა ქსელს Trump 29 Casino _ ტრამპი ვერ გაუძღვა და სხვა კომპანიას გადასცა სასტუმრო;
კომპლექსი მექსიკის სანაპიროზე Donald Trump Ocean Resort Baja - არ აშენებულა, თუმცა პროექტში ჩადებულ ნახევარ მილიონ დოლარს ვერ იბრუნებენ ტრამპისგან გაცურებული ინვესტორები;
52 სართულიანი კონდო-სასტუმრო ფლორიდაში Trump Towers Tampa _ არ აშენებულა, თუმცა მოქალაქეებმაც ვერ დაიბრუნეს წინასწარ გადახდილი 45 ათას დოლარიანი ავანსები;
ჩიკაგოში სიმაღლით მეორე ცათამბჯენი Trump International Hotel and Tower Chicago ჩაიშალა, ტრამპს უნდა გადაეხადა ბანკისთვის კრედიტი, მაგრამ აქეთ მოსთხოვა ბანკს 3 მლრდ დოლარი პროექტის ჩაგდებისთვის;
შეძლებულ საზოგადოებაზე გათვლილი ჟურნალი Trump Magazine ჩაფლავდა, ეს იყო მესამე ჩაფლავება მედიასაშუალებისა, რომელიც ტრამპის სახელს ატარებდა;
2009 წელს ჩავარდა სასტუმრო Trump International Hotel & Tower New Orleans -ის პროექტი;
2009 წელს ჩაფლავდა სამორინეს Trump Entertainment Resort Holdings პროექტი;
2010 წელს ჩაფლავდა კონდო სასტუმრო Donald Trump SoHo Hotel Condominium, რადგან გაირკვა, რომ ტრამპი ატყუებდა მოქალაქეებს, აცხადებდა რა რეკლამებში, რომ კონდომინიუმის 60-70 % გაყიდულია, რეალურად კი გაყიდული იყო მხოლოდ 15%;
2010 წელს ასევე ჩაფლავდა სასტუმრო Trump International Hotel & Tower Fort Lauderdale ტრამპმა გამოაცხადა რომ დეფოლტის შემდეგ აღარ არის კავშირში ამ პროექტთან 2010 წელს ტრამპს ჩაუფლავდა;
კიდევ ერთი პროექტი _ Trump International Hotel & Tower Las Vegas ჩავარდა დუბაის პროექტიც Trump International Hotel & Tower in Dubai და შედეგად, დონალდ ტრამპს 17 წლის განმავლობაში ჩაუვარდა 19 პროექტი.