ექიმმა და მომღერალმა ლაშა ღლონტმა, რომელიც სოლო კონცერტისთვის ემზადება, წიგნზე სასაუბროდ დრო სიამოვნებით გამონახა:
- ბავშვობაში წიგნი ძალიან მიყვარდა. ბოლო ხანს კი კითხვას ვეღარ ვახერხებ, აღარ მცალია. ბედნიერი ვარ, როცა დროს გამოვნახავ, წამოვწვები და რამეს წავიკითხავ. თუმცა დღეს ასეთი რამ ჩემთვის ფუფუნებაა.
- დღევანდელი საზოგადოების წიგნიერებაზე რას ფიქრობთ?
- წიგნიერების პრობლემა დღეს მწვავედ დგას და არც მიკვირს - დრომ მოიტანა. რაც დრო გადის, მით მეტ არაპროფესიონალს ვხვდებით ყველა სფეროში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროფესიონალებად ვიქცეთ. მაგრამ რომელი პროფესიისაც უნდა იყო, ზოგადი განათლება აუცილებელია. უნდა იცოდე, საიდან მოდიხარ, სად მდებარეობს შენი ქვეყანა, რომელი ქვეყნები ესაზღვრება, იცოდე საქართველოს ისტორია, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე... პირამიდას რომ ახსენებენ და ვერ მიხვდები, რაზე ლაპარაკობენ, სირცხვილია. თუმცა ახლა ისეთი დროა, შესაძლოა ამის არცოდნა ბევრს არც კი შერცხვეს...
- წიგნი ვინ შეგაყვარათ?
- დედა ფილოლოგია, მამა არქიტექტორ-დიზაინერი იყო და შინ სულ წიგნებს ვხედავდი. ჩემი პროფესიაც მაიძულებდა წიგნთან ურთიერთობას.
გამოგიტყდებით, სქელტანიანი წიგნების წასაკითხად მოთმინება არასოდეს მყოფნიდა, თუმცა დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვები" სიამოვნებით წავიკითხე. ამ ნაწარმოებმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მომწონს კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე... დიკენსი, ჩეხოვი... უამრავი საყვარელი მწერლის დასახელება შეიძლება... ნოდარ დუმბაძეს გავიხსენებ, რომლის ნაწარმოებებზეც გავიზარდეთ. მსუბუქად იკითხება და ბოლომდე წვდები. სწორედ ამით არის იგი გენიალური.
მიყვარს პოეზია. ბავშვობაში ბევრი ლექსი ვიცოდი ზეპირად. მიყვარს მუხრან მაჭავარიანი, ტერენტი გრანელი, პაოლო იაშვილი. გალაკტიონზე აღარაფერს ვიტყვი...
ნიჭიერება ღვთისგან ბოძებული საჩუქარია, წიგნიერება კი თვითონვე უნდა შეიძინო. თუმცა, შეიძლება ბევრი წაიკითხო, მაგრამ არაფერი დაგრჩეს და შეიძლება, აღქმის, დანახვის ისეთი ნიჭი გქონდეს, ერთი წიგნით გაიგო ყველაფერი. თუ მხოლოდ იმისთვის კითხულობ, რომ საუბრისას არ "გაიჭედო", ძალიან ცუდად გქონია საქმე.
- წიგნიერების ნაკლებობა ქართულ ესტრადასაც ეტყობა?
- ვერავის შემფასებლად ვერ გამოვდგები, მაგრამ, ვფიქრობ, წიგნიერება ესტრადაზე მეტად მსმენელს აკლია. განათლებული კაცი, რომელმაც იცის, რას ნიშნავს დამპყრობელი, იოლად მიხვდება, რა დაგვემართა და რატომ ვართ უწიგნურები...
- რის წაკითხვას გვირჩევს ლაშა ღლონტი?
- საქართველოს ისტორიისა, რადგან თუ ჩვენი ფესვები არ გვეცოდინება, ღირებულს ვერაფერს შევქმნით. ამასთანავე, უნდა ვიცოდეთ თანამედროვე მსოფლიოს მიღწევები, ვიცოდეთ, ვინ ვართ და მსოფლიოს რა ენაზე ველაპარაკოთ; უნდა გავარკვიოთ ჩვენი ფუნქცია და გვახსოვდეს ილია ჭავჭავაძის ნათქვამი - "შვილმა უნდა იცოდეს, რაზე გაჩერდა მამა".
- თქვენს სოლო კონცერტს მთელი თბილისი ელოდება...
- 30 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება კონცერტი "ლაშა ღლონტი მეგობრებთან ერთად". მონაწილეობენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები: მერაბ სეფაშვილი, ნუკრი კაპანაძე, "ქართული ხმები", გიო ხუციშვილი, დათო გომართელი და სხვები. ყველა ბილეთი პირველივე დღეს გაიყიდა, რაც ძალიან მახარებს. ხალხს უყვარს ქართული სიმღერა და ეს დიდი ბედნიერებაა.