დევიდ ბოუი წარსულს დაუბრუნდა

დევიდ ბოუი წარსულს დაუბრუნდა

ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, ხმის ჩამწერი სტუდია “EMI” უახლოეს მომავალში მომღერალი დევიდ ბოუის ალბომს “The Rise and Fall of Ziggy Stardust and The Spiders From Mars” ხელახლა გამოსცემს.

მიმდინარე წელს ამ ნამუშევარს გამოცემიდან 40 წელი უსრულდება. ეს დისკი გაყიდვაში 1972 წლის 6 ივნისს გამოჩნდა და იმდროინდელ ბრიტანულ ჰიტ-აღლუმში საპატიო მეხუთე ადგილი დაიკავა.

ალბომის ახალი გამოცემა სამ ვერსიად იქნება წარმოდგენილი. დევიდ ბოუის შემოქმედების თაყვანისმცემლებს მისი შეძენა ვინილის, CD და DVD ფორმატებში შეეძლებათ. ეს ჩანაწერი სავარაუდოდ დღის სინათლეს მიმდინარე წლის ზაფხულში იხილავს.

2012 წლის 8 იანვარს დევიდ ბოუის დაბადებიდან 65 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ინტერნეტ გამოცემამ “Digital Spy” ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა. ამ ვებ გვერდის მკითხველებს იუბილარის საუკეთესო ალბომებისა და კომპოზიციების რეიტინგი უნდა შეედგინათ.

კომპოზიციების ჩამონათვალში პირველი ადგილი 1971 წელს ჩაწერილმა “Llife on Mars?” დაიკავა.

ალბომების სათავეში დისკი “The Rise and Fall of Ziggy Stardust and The Spiders From Mars” აღმოჩნდა.

1971 წელს გამოშვებულმა ალბომმა “Hunky Dory” მეორე ადგილი დაიკავა, 1977 წელს ჩაწერილი “Low” მესამე საფეხურზე აღმოჩნდა.