კონცერტის მთავარი მომქმედი პირი სერ პოლ მაკარტნი გახლდათ. მასთან ერთად სცენაზე ჯგუფი “The Who”-ს ლიდერი როჯერ დოლთრი და “The Rolling Stones”-ის წევრი რონ ვუდიც გამოჩდნენ. ღონისძიების დასასრულს ამ სამეულმა პოლ უელერთან ერთად კომპოზიცია “Get Back” შეასრულა.
ლონდონში გამართული კონცერტი სერ პოლ მაკარტნიმ კომპოზიციით “Magical Mystery Tour” გახსნა. რასაკვირველია მუსიკოსმა ბოლო ალბომში “Kisses on the Bottom” განთავსებული რამდენიმე სიმღერაც შეასრულა.
ფონდი“Teenage Cancer Trust”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი “The Who”-ს დამაარსებელი როჯერ დოლთრია. ორგანიზაცია კიბოთი დაავადებულ ახალგაზრდებსა და უსახლკაროებს ეხმარება. მას რამდენიმე საკუთარი საავადმყოფო გააჩნია, სადაც მატერიალურად გაჭირვებულ ადამიანებს უფასო სამედიცინო დახმარებას უწევენ. ფონდი 20 წლის წინ ჩამოყალიბდა, საქველმოქმედო კონცერტებს კი მე-12-ჯერ ატარებს.
სერ პოლ მაკარტნი ცნობილი ქველმოქმედია. ამ სფეროში აქატიურობის გამო რამდენიმე საპატიო ჯილდოც დაიმსახურა.
მიმდინარე წლის დასაწყისში ამერიკულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ “MusiCares” მაკარტნი “2011 წლის ადამიანად”გამოაცხადა. ეს ჯილდო ლეგენდარული “The Beatles”-ის ყოფილ წევრს წარმატებული მუსიკალური კარიერისა და აქტიური საქველმოქმედო საქმიანობისათვის მიენიჭა.