ქეთი დოლიძე: კულტურას დღეს პოლიტიკა მართავს

ქეთი დოლიძე: კულტურას დღეს პოლიტიკა მართავს

რეჟისორი ქეთი დოლიძე დუმბაძის მოზარდმაყურებელთა თეატრიდან თანამშრომლების გათავისუფლებას სახელმწიფოს პოლიტიკას უკავშირებს. როგორც "რეზონანსს" დოლიძემ განუცხადა, კულტურის პოლიტიკა დღეს სახელმწიფოს პოლიტიკაა და ისე იმართება, როგორც არსად მსოფლიოში.

"როგორც პოლიციური რეჟიმის დროს იქცევა ქვეყანა, თავის ფავორიტებს ფულს რომ აძლევს და მოსყიდვაზე მიდის, ისეა ჩვენთანაც. ახლა თან საარჩევნო წელია და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ყველა გააჩუმონ," - აცხადებს დოლიძე.

"რეზონანსი": ამბობენ, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან თანამშრომლების გათავისუფლება კვლავ ივანიშვილის დაფინანსებას უკავშირდება.

ქ.დ: მოზარდ მაყურებელთა თეატრში ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს და ვიცი, რა სიტუაციაა. სრულიად გასაოგნებელია, რასაც მიშა ანთაძე აკეთებს. ჩემთვის წარმოუდგენელი ამბავია, როგორ გადაიქცა ეს კაცი სრულიად სხვა ადამიანად. 6 თვე სახელმწიფო თეატრში ხელფასი არ დაურიგებია. ეს არის კრიმინალური დანაშაული. ფული ჩარიცხულია და ხელფასებს მაინც არ არიგებს. ანთაძე ამბობს, ჩემი და სააკაშვილის ბებიები ახლო მეგობრები არიან და ვერავინ ხელს ვერ დამაკარებსო. მე მიშა სააკაშვილის ძმადნაფიცი ვარო.ჩემთვის რომ გეკითხათ, თეატრის საერთაშორისო დღეს იგივე თეატრალურ საზოგადოებაში მხოლოდ ამ მოვლენას დავუთმობდი, ჩემი შინაგანი პროტესტის ნიშნად მე არ გადავიხადე გუშინ ეს დღე იმიტომ, რომ არაფერი მეხალისებოდა და მეზეიმებოდა. არ წავედი თეატრალურ საზოგადოებაში. ეს არის ჩემი პროტესტი იმის მიმართ, რაც ხდება.

ფეისბუკზეც გაჩნდა ასეთი წარწერა "გადავარჩინოთ მოზარდ მაყურებელთა თეატრი". რას ნიშნავს გადავარჩინოთ? კი არ უნდა გადავარჩინოთ, უნდა გავათავისუფლოთ იმ უზურპაციისგან, რაც იქ ხდება. მე არ ვიცი, რას ნიშნავს რეორგანიზაცია.

ამდენი ადამიანის ერთდროულად გაშვება წარმოუდგენელია. თანაც ერთადერთი მიზეზით, იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა არ თქვეს ივანიშვილის დახმარებაზე უარი. ჩვენმა მმართველმა გვითხრა, ეს არის ნებაყოფლობითი, ვისაც გნებავთ, ინდივიდუალურად მიბრძანდით და ხელშეკრულებები გააფორმეთო.

არც ზურა გეწაძეს და ზალიკო ჩიქობავას ამის გამო თეატრიდან არავინ გაუშვია. მაშინ ეს მიშა ანთაძე ვინ არის? თვითონ აქვს კრიმინალური და ფინანსური დარღვევები და ეს რატომ არ აინტერესებთ? თუმცა მინისტრისგან და ხელისუფლებისგან მოდის ეს ყველაფერი და ვის ვეკითხები?!

"რ": ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ "ქართუს" დაფინანსებით ივანიშვილი ამ ხალხის მოსყიდვას ცდილობს.

ქ.დ: ხელფასები რომ დაგვიმატეს და მოგვცეს, ეს მოსყიდვა არ არის? 15 წლის წინ თურმე ივანიშვილი იჯდა და იმას ფიქრობდა, 15 წლის მერე ხელისუფლებაში რომ მოვიდოდა, ეს ხალხი მხარს მისი ფულის გამო დაუჭერდა. ეტყობა, მაგათ თავად აქვთ ეგ ლოგიკა. როგორც კრიმინალური ჯგუფი, ისე მოქმედებენ. ფიქრობენ, რომ ეს ქვეყანა მაგათია და რასაც უნდათ, იმას უზამენ.

თუ სახელმწიფოს ჰქონდა ამის რესურსი, ეს ივანიშვილის გამოჩენამდე რატომ არ გააკეთა? მე ნაკლებად ვფასობდი 6 თვის წინ, ვიდრე ახლა ვფასობ? ჩემი ფილმებით მილიონები მქონდა ქვეყნისთვის მოტანილი. მაგრამ სიმართლის თქმა არავის არ უნდა. მე, მაგალითად, აკრძალული ვარ პირველ არხზე, "იმედზე", "რუსთავი 2"-ზე. ჟურნალისტები ჩემგან კომენტარებს არ იწერენ. აკრძალულები ვართ მეც და სხვებიც, ვინც ჩემნაირად ფიქრობს.

გაუგონარი ამბავი ხდება თეატრებში. მაგრამ ყველა ჩუმად არის. დანამატი დაახლოებით 3 თვის წინ დაიწყო, მეორე თვიდან, როგორც კი ივანიშვილი პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა. ერთი თვე ეს ჩვენი დახმარებები შეჩერებული იმიტომ იყო, რომ "ქართუ" ბანკს უზარმაზარი პრობლემები შეუქმნეს. როგორც კი ივანიშვილის დახმარება აღდგა, მომენტალურად დაიწყეს ჩვენთვის ხელფასების მომატება.

ეს ხელისუფლება საკუთარ ფულს არ მაძლევს. ყოველთვის ისე იქცევიან, თითქოს საკუთარ ფულს არიგებდნენ. დამატებები რამდენ ხანს გაგრძელდება, არავინ იცის. თუ კარგად მოვიქცევით, აუზში წყალს ჩაგვისხამენ, თუ არადა, არ ჩაგვისხამენ.

შემიძლია ჩემი თეატრის მაგალითზე ვილაპარაკო. პირველ თვეს, როდესაც ივანიშვილის დახმარებები აღდგა, რატომღაც შვიდმა კაცმა დაფინანსებაზე უარი თქვა, თავისი მოსაზრებების გამო. თეატრის მმართველი და მისი მეუღლე რომ უარს იტყოდნენ, ეს ისედაც ცხადი იყო. თუ უარს არ იტყოდნენ, ერთი დღე არ გააჩერებდნენ იმ მმართველს თეატრში.

მმართველი არის ნომენკლატურული თანამდებობა და მას მხოლოდ იმის მიხედვით ნიშნავენ, რამდენად ტოლერანტულია ხელისუფლების მიმართ. ეს ფაქტია.

იმავე თვეს ჩვენთან, თეატრში გამოიკრა ასეთი განცხადება, რაც ყოვლად წარმოუდგენელი იყო: "ყველას, ვინც ივანიშვილის დახმარებას იღებდა, დაერიცხებათ ერთი თვის სრული ხელფასი." ანუ თუ ხელფასი იყო 500 ლარი, მას კიდევ 500 ემატებოდა. ე.ი. ხელფასები გაგვიორმაგეს. ეს იყო ძალიან უცნაური რამ. ე.ი. მთავრობას შეეძლო ჩვენთვის გადახდა და აქამდე არ გვაძლევდა. შემდეგ თვეს ეს თანხა შემცირდა და სხვანაირად გადაანაწილეს. მერე ხელფასის ნახევარი დაგვირიცხეს. თვითონაც არ იციან, რას აკეთებენ. როგორც ვიცი, ასევე იყო სხვა თეატრებშიც.

"რ": თვლით, რომ კულტურულ ცხოვრებაში სახელმწიფო ერევა?

ქ.დ: ჩვენ ოზურგეთში მიგვქონდა სპექტაკლი "დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო", რომელიც ახლა ძალიან დიდი წარმატებით წავიდა პარიზში. ოზურგეთში არ გვათამაშეს. თეატრის მმართველი კაცმა არ იცის, სად არის. ვიღაცამ თქვა, რომ შუქი არ იყო, ვიღაცამ თქვა, კაბელები გადაჭრესო, სინამდვილეში იქ არაფერი არ ხდებოდა, მეორე დღეს მიხეილ სააკაშვილი ჩადიოდა და იმას რომ შემთხვევით სადმე თვალი მოეკრა, ან ვინმეს ეთქვა, აქ გუშინ სცენაზე ნინელი ჭანკვეტაძე და რამაზ იოსელიანი იდგნენ, სპექტაკლის რეჟისორი ქეთი დოლიძე იყოო, თავებს წააცლიდა ყველას.

ეს არის პოლიციური ქვეყანა, პოლიციური რეჟიმით. როგორც იქცევა პოლიციური რეჟიმის დროს ქვეყანა, თავის ფავორიტებს ფულს აძლევს და მოსყიდვაზე მიდის, ისეა ჩვენთანაც.

ახლა თან საარჩევნო წელია და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხალხი გააჩუმონ. გუშინ ფეისბუკზე ჩემი კოლეგა თეატრმცოდნეები დიდ მადლობას უხდიდნენ მინისტრს, ნიკა რურუას იმიტომ, რომ რურუამ რომელიღაც თეატრმცოდნე დააფინანსა და რუმინეთში უშვებს თეატრალურ სიმპოზიუმზე. რურუა ვალდებული არ არის, გაუშვას ხალხი თეატრალურ სიმპოზიუმზე? მითხარით ერთი, რამდენი რეჟისორი დადის კანის კინოფესტივალზე და რამდენი ფუნქციონერი სამინისტროდან - როგორ სასტუმროებში ცხოვრობენ და რა ფულებს ხარჯავენ?! აბა, ერთი მოიკითხეთ. მსახიობს და რეჟისორს ვერ ნახავთ სადმე წასულს, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა.

შარშანწინ გავაკეთეთ არაჩვეულებრივი "ქართული სეზონი". ლონდონში "რივერსაიდ სტუდიოსთვის" ოთხი სპექტაკლი მიდიოდა გასტროლებზე, ბილეთები გაყიდული იყო და არაჩვეულებრივი დარბაზიც გვხვდებოდა, მაგრამ რურუამ და კულტურის სამინისტრომ ჩაშალა ეს გასტროლი. მეორე წუთში კი რაღაც არანორმალური ფული გადაიხადეს კონცერტებსა და სისულელეებში. როდესაც იქ სცენაზე შეიძლებოდა წასულიყო "ანტიგონე", "ბაკულას ღორები", "გამოფენა". აი, ეს ჩაშალა კულტურის სამინისტრომ, ბოღმის გამო, იმიტომ, რომ ეს იყო ქეთი დოლიძის და მისი ჯგუფის ორგანიზებული. თითქოს ჩვენ იქ წავიდოდით და ამათ გინებას დავიწყებდით. კულტურის პოლიტიკა დღეს სახელმწიფოს პოლიტიკაა. კულტურა დღეს ისე იმართება, როგორც არსად მსოფლიოში.