მის ხმას ბევრჯერ უწოდეს მისტიკური, ღვთაებრივი, - თითქოს "ზემოდანაა" მოსული და ისე გაჯადოებს, გიტაცებს, რომ შენც ცაში აჰყავხარო. ზეციდან წამოსულ ხმას ხომ ვერც "გაწვრთნი" და ვერც უბრძანებ, მხოლოდ ასპარეზი უნდა მისცე, გაიყურსო და უსმინო. დასანანია ოღონდ, რომ მისით მოჯადოების საშუალება დიდი ხანია, აღარ მოგვცემია. ისე კი, გაგვიმართლა და ჟურნალისტებისთვის "უკარება" რესპონდენტი, მომღერალი ნატო მეტონიძე გულახდილ ინტერვიუზე დავითანხმეთ.
- ჩემი ხმა? - ზუსტად ვიცი, რომ ეს ღვთის საჩუქარია. სხვათა შორის, მამას ჰქონდა აბსოლუტური სმენა. საუკეთესო აკუსტიკოსი იყო - როიალის აწყობის ოსტატი. მღეროდა კიდეც, თუმცა მუსიკალური განათლება არ მიუღია. ჩვენ ერთად არ ვცხოვრობდით - 6 წლის ვიყავი, მშობლები რომ დასცილდნენ. მამას ვსტუმრობდი ხოლმე და კარგად მახსოვს, ბებიის - ნინა წულუკიძისა და მისი დების სიმღერა რომ მოვისმინე, როგორ აღვფრთოვანდი. ბებიას არაჩვეულებრივი, საკმაოდ "მსუყე" ბანი ჰქონდა. ჩანს, ჩემში მამის გენმა იმძლავრა და ღმერთმაც ინება, რომ ეს ნიჭი, უნარი სწორედ მე, ყველაზე ნაბოლარას - და-ძმა 9 და 10 წლით უფროსი მყავს, გამომემზეურებინა საქვეყნოდ. ამიტომაც ვუწოდებ ჩემს სიმღერას საჩუქარს (იღიმის). ბედისწერაა ისიც, რომ გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძისა და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებებს ვასრულებ; რომ ბავშვობიდან არაჩვეულებრივი ადამიანები მახვევია გარს. დედას ბევრი გულშემატკივრობდა - სამ შვილს მეუღლის გარეშე გვზრდიდა და ყველა ცდილობდა, რაღაცით შეშველებოდა. მე კი, რადგან პატარა ვიყავი, განსაკუთრებულად მივლიდნენ. მაგალითად, სიმღერაზე ხშირად ძმას დავყავდი. ბედნიერება იყო, რომ მოვხვდი ანსამბლ "მზიურში", რადგან იქ გატარებულმა წლებმა ბევრი მასწავლა: სცენას, დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლობას, სხვებზე ზრუნვას, ადამიანების მოფრთხილებას მიმაჩვია და კიდევ ბევრი, ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარი შემძინა. მერეც, ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივად გაგრძელდა. სკოლაში თავისუფალ თემას რომ გვაწერინებდნენ, ვინ უნდა გამოვსულიყავით, ყოველთვის დაუფიქრებლად, უყოყმანოდ და გულახდილად ვწერდი - "მომღერალი", რადგან ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მუდამ უნდა მემღერა. - მიუხედავად სცენაზე გამოსვლის გამოცდილებისა, ამბობენ, რომ დღემდე გეშინიათ სცენის. - ყოველთვის მეშინოდა (იღიმის). ბავშვობაში გაუცნობიერებელი იყო ეს შიში - ვღელავდი, მაგრამ რატომ - ვერ ვხვდებოდი. შიშსა და ღელვას ხშირად შეუშლია ხელი სიმღერაში. ზოგჯერ ნერვიულობისგან გული მიჩქარდებოდა, რაც სუნთქვას მიძნელებდა და მიფიქრია, ახლა კი ვფუჭდები-მეთქი. სიმღერას თუ ცუდად იწყებ, ცხადია, გუნებაც გიფუჭდება, ეს კი აუცილებლად ეტყობა ნამღერს. მაქსიმალისტი არ ვარ, ცხოვრებისგან განსაკუთრებულს ვითხოვდე, მაგრამ რაც სცენაზე მემართება ხოლმე, ამას უკვე მაქსიმალიზმიც აღარ ჰქვია. ვფიქრობდი კიდეც, რაღაც ხნით სცენაზე გამოსვლისგან თავი შემეკავებინა, - ეგებ გამიაროს-მეთქი, მაგრამ არათუ გამიარა, მიძლიერდებოდა და მივხვდი, რომ არც არასდროს გამივლიდა, რადგან გამძაფრებული პასუხისმგებლობით იყო გამოწვეული. ასე რომ, დღემდე, ვიდრე სიმღერის შუამდე არ მივალ, შიში არ მტოვებს. მაგრამ მეუბნებიან, ამას მაყურებელი ვერ ამჩნევსო. იცით, რა რთულია ამის მიღწევა, ამ განცდების მაყურებლისთვის დამალვა? - ნატო, ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ჩანხართ, თუმცა ამ სიმშვიდეში კატეგორიულობაც ჩანს... თუნდაც სიმღერების შერჩევისას, რადგან საკმაოდ ცოტა სიმღერაა თქვენს რეპერტუარში. - წლების წინ ჩემზე ამბობდნენ, ალბათ, საკმარისად არ უყვარს თავისი პროფესია, აბა, როგორ შეიძლება, მომღერლობის პრეტენზია გქონდეს, - სხვათა შორის, არასდროს განმიცხადებია მსგავსი რამ, - და სიმღერებზე უარი თქვაო. ცხადია, არ დავეთანხმე: სიმღერის სიყვარული სიმღერების რაოდენობასთან არ იგივდება, არც "ოღონდ ვიმღეროსთან"... მართალია, ჩემს პროფესიაში ზომიერება არ არსებობს, მაგრამ როდესაც გემოვნებასა და არჩევანზე მიდგება საქმე, საკმაოდ პრეტენზიული ვარ. თუმცა ხანდახან კომპრომისზეც წავსულვარ, უარი ვერ მითქვამს და მერე მინანია. ცხოვრებისეულ საკითხებში კიდევ შეიძლება ვიყო კომპრომისული, მაგრამ სიმღერაში ძალიან მიჭირს. ალბათ, სიმღერა მხოლოდ პროფესია არ არის ჩემთვის, გაცილებით მეტია... ჩემი სხეულისა და სულის ნაწილია, ცხოვრებაა... ცხოვრების ტკივილებიც კი "გამომიწვავს" სიმღერაში. ძალიან რომ მტკენია, სულიდან სხეულში რომ გადამსვლია ტკივილი და ვერაფრით მოვრევივარ, სწორედ სიმღერა დამდებია მალამოდ: ფესტივალზე ვიყავი ბათუმში, ყოველდღე მიწევდა სიმღერა და თითოეული გამოსვლისას ვგრძნობდი, ნელ-ნელა როგორ ვთავისუფლდებოდი ტკივილის სიმძიმისგან და ბედნიერება მეუფლებოდა... - ძალიან გიხდებათ ღიმილი, სიცილიც... თვალებით იცინით. ასე გულწრფელ ადამიანებს მოსდით. არადა, შორიდან ჩაკეტილი და სევდიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ... - ეგ კი არა, ჩემს მეგობარ კონცერტმაისტერს მოსწავლემ ჰკითხა, ნატო "სტერვააო", (იცინის)? რატომღაც ბევრს ვგონივარ ხისტი, უკარება, ჩაკეტილი. - რატომ? თავს იცავთ, რომ ნაკლები გულისტკენა გქონდეთ, ფრთხილობთ ადამიანებთან? - არ ვიცი, შეიძლება. ძალიან მომწონს ლაღი, გულახდილი ადამიანები. მეც საკმაოდ გულგახსნილი მგონია თავი, პრეტენზია მაქვს, რომ კაცთმოყვარე ვარ. მიყვარს ყველა, ვისთანაც ვურთიერთობ, ვინც ცხოვრებას მიკავშირებს და ვერ ვხვდები, რატომ მომდის ასე. ალბათ, შეუცნობლად... ადრე ამას არ ჩავღრმავებივარ, მაგრამ... დიახ... ალბათ, თავდაცვაც არის ჩემი ჩაკეტილობის მიზეზი. ყოველთვის მჯერა ადამიანების, მათი გულახდილობის და თუკი საწინააღმდეგოს შევიტყობ, მძაფრად განვიცდი. საბედნიეროდ, ბავშვობიდან მოყოლებული, ვისაც ცხოვრების გზაზე შევხვედრივარ, მეგობრებს თუ მხოლოდ ნაცნობებს, - პირად ცხოვრებას, მამაკაცთან ურთიერთობას არ ვგულისხმობ, - არავის განვუხიბლივარ. ვიცი, პირიქითაც ხდება და ვერაფრით ვიგებ, ადამიანი ადამიანს შეგნებულად რატომ ტკენს გულს. ამ შემთხვევაში სირაქლემასავით ვარ: მირჩევნია არ მითხრან, არ გავიგონო. ხანდახან იმასაც ვშიშობ, ამპარტავნებაში არ გადავვარდე: მეც ხომ მეშლება ხოლმე და ყველაზე ხშირად, ალბათ, საკუთარ დედასთან, მაგრამ პატიებასაც ხომ აუცილებლად ვითხოვ... შეგნებულად მართლა არავის მოვქცევივარ ცუდად. მე თუკი მტკენენ... თუმცა ასე იშვიათად ხდება, უნებლიეთ თუ მოუვა ვინმეს, ამიტომ იოლად ვუძებნი გამართლებას. ვფიქრობ, ადამიანები ყოველთვის რეალურად უნდა შეაფასო, ისეთად მიიღო, როგორიც სინამდვილეში არიან. და თუ შეგიყვარდება, სწორედ ისეთი შეიყვარო... მაგალითად, ზუსტად ვიცოდი, როგორ ადამიანს დავუკავშირე პირადი ცხოვრება... - დათო ოძელაშვილს გულისხმობთ, ხომ? დათოს მეც ვიცნობ, ძალიან თბილი და კარგი ადამიანია... - ძალიან თბილი, კულტურული და მაღალი გემოვნების. მართლა იმსახურებს სიყვარულს და ამიტომაც დავუკავშირე ცხოვრება. მასთან ბევრ პრობლემასაც წავაწყდი, მაგრამ ვიცოდი, რომ მიყვარდა, ის პრობლემებიც მარტო მისი კი არა, ჩემიც იყო და არც მაშინებდა. პრობლემას არასდროს გავქცევივარ, ვიდრე არ მივხვდი, რომ მის გადაჭრაში დათოს ვეღარ დავეხმარებოდი, რადგან შესაძლებლობები ამოვწურე. და წერტილიც დავსვი. თუმცა მანამდე მართლა ბედნიერი ვიყავი და იმ წლებს გაცდენილს ვერ ვუწოდებ: ამ ბედნიერებად ღირდა. სწორედ ეს არის სიყვარული... და იმასაც გეტყვით, რომ არც პრაგმატული ვარ და არც პრაქტიკული, რომ სხვა დროს უფრო გავფრთხილდე, სხვაგვარად მოვიქცე, რომ აღარ მეტკინოს და ასე შემდეგ. ასეთი "რთული თანწყობილი" აზრებით ვერ ვცხოვრობ (იღიმის). რაც ვარ, ეს ვარ ცხოვრებაშიც და სიმღერაშიც. ხშირად არ ვჩანვარ სცენაზე? - ესეც ხომ იმის გამოა, რომ არ დავფარე უარყოფითი განწყობა უსამართლობისადმი, რაც, ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანაში ხდება - ჩემი პროტესტი ვიღაცისთვის არასასურველი აღმოჩნდა. რასაკვირველია, სცენა მენატრება, მაგრამ მართლა არ მაქვს დანაშაულის განცდა, რომ რაღაცისთვის ვისჯები, რომ ვიღაც მსჯის - მე ხომ ვიცი, რომ არაფერი დამიშავებია. პირიქით, ეს არის ჩემი არაადამიანური, ტკივილამდე სიყვარული ჩემი ქვეყნის, რომელზეც ხანდახან კი მეკარგება ხოლმე შთაბეჭდილება, მაგრამ მალევე მიბრუნდება გული. ყველა და ყველაფერი მიყვარს ისეთი, როგორიც არის. ეს ქვეყანა ჩემი სახლია, ყველაზე უკეთ აქ ესმით ჩემი, მე ვიცი ქართველების ენა და სხვა სახლში ვერასდროს ვიცხოვრებ. |