მთავრობა ინფლაციურ პროცესებს ვეღარ აკონტროლებს

მთავრობა ინფლაციურ პროცესებს ვეღარ აკონტროლებს

ირაკლი ალასანია მთავრობის ეკონომიკური გუნდს დებატებში იწვევს. მისი თქმით, 2011 წლის ბიუჯეტის პროექტით სახელმწიფომ მოქალაქეებზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. ალასანია აცხადებს, რომ სოციალური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავება „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უფრო მეტად შეესაბამება არსებულ ეკონომიკურ რეალობას, ვიდრე მიმდინარე წლის ბიუჯეტი, რომელიც 2010 წლის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა. ბიუჯეტის პროექტში 4 პროცენტამდე მცირდება დეფიციტის მოცულობა, რაც საგარეო ვალების აღების საჭიროებას შეამცირებს.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი 2011 წლის ბიუჯეტის პროექტს უპასუხისმგებლო მთავრობის მიერ წარდგენილს უწოდებს. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტი ზედმეტად ოპტიმისტურია და გასულ წელთან შედარებით, 31 მილიონი ლარით მცირდება. შემოსავლების ნაწილი კი (6 მილიარდ 960 მილიონი) ალასანიას შეფასებით, იმდენად ხელოვნურად არის გაზრდილი, რომ მოსალოდნელია მისი სეკვესტრი. 

„ბიუჯეტით არ იზრდება პენსიების ოდენობა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დახმარება მაშინ, როდესაც საქართველოში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რიცხვმა მილიონ 800 ათასს გადააჭარბა. სახელმწიფო დღეში 72 თეთრით მათგან მხოლოდ ყოველ მეოთხე ადამიანს ეხმარება. მთავრობა ვეღარ აკონტროლებს ინფლაციურ პროცესებს. 

კატასტროფულად გაიზარდა ფასები სასურსათო პროდუტებსა და სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე. მხოლოდ წელს პური, საშუალოდ, 20 თეთრით გაძვირდა, შაქარი - 70-80 თეთრით. სამაგიეროდ იზრდება ბიუროკრატიული აპარატის შენახვის ხარჯები, ასევე ე.წ სხვა ხარჯები. უცნობია, რაში დახარჯავს მთავრობა 900 მილიონ ლარს“, - აცხადებს ალასანია. 

მისივე თქმით, 2011 წლის ბიუჯეტი დაზღვეულთა რაოდენობის ზრდასაც არ ითვალისწინებს. ამასთან, ალასანიას განმარტებით, მცირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამის დაფინანსებაც.

„სახელმწიფო უარს ამბობს 5-დან 60 წლამდე მოსახლეობის გარანტირებულ სამედიცინო მომსახურებაზე. კვლავ არ დაფინასდება ამ კონტინგენტისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ინფექციურ, ონკოლოგიურ და გულის დაავადებათა მკურნალობა. 

შემცირდა განათლების ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება, როგორებიც არის „ქართული ენის პროგრამა“, „განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის“ პროგრამა. გაუქმდა „საზღვარგარეთ ქართული სკოლების დახმარების“, ასევე, „კვალიფიციური ქართული ენის სპეციალისტები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში“ პროგრამა“, - აღნიშნავს ალასანია. 

გარდა ამისა, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ინფორმაციით, საგარეო და საშინაო ვალი ბოლო სამი წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა და თითქმის 10 მილიარდ ლარს შეადგენს. 

„ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი გვარწმუნებს, რომ 2011 წლის ბიუჯეტის პროექტით სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებსა და მათ სოციალურ მდგომარეობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა მოიხსნა. არსებული სოციალური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავება „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. 

„თავისუფალი დემოკრატები“ დებატებში ვიწვევთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა საზოგადოებამ თავად ნახოს, როგორ ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხზე“, - აცხადებს ალასანია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ პარლამენტში ოქტომბრის დასაწყისში შეიტანა. მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა ოდნავ მცირეა, ვიდრე 2010 წლისა, მაგრამ გაზრდილია პრიორიტეტული სფეროების დაფინანსება. ესენია: ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, რეგიონალური ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტები. 2011 წლის საფინანსო გეგმის პროექტის მიხედვით, 6-დან თითქმის 4 პროცენტამდე მცირდება დეფიციტის ოდენობაც. 

„გლობალური კრიზისის პირობებში, როდესაც ეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდება, ბევრი ქვეყანა ბიუჯეტის შემცირების გზას დაადგა. საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ შარშან ურჩევდნენ ხარჯების შემცირებას, მაგრამ ასეთი ნაბიჯი ფინანსთა სამინისტრომ მხოლოდ 2011 წლის საფინანსო გეგმის პროექტში გადადგა და ისიც სიმბოლურად. მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა კანონპროექტის პარლამენტში შეტანის წინ გამოაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა წლევანდელზე მცირე იქნება“, – აცხადებს რადიო „თავისუფლება“. 

„პრიორიტეტთა შორის ყველაზე მეტად იზრდება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება და ის ბიუჯეტის ხარჯების მეოთხედს შეადგენს. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, პენსიებისა თუ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაფინანსების გარდა, კიდევ რას მოხმარდება დაახლოებით 2 მილიარდი ლარი. ამ გაურკვევლობას მიაწერენ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის დანიშვნას, რამდენადაც ის ხარჯების სტრუქტურის გადახედვას გეგმავს, - ამბობს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი:

„მოცემულია ყველა ის ძირითადი პარამეტრი, რომელიც პირველი მოსმენისათვის არის აუცილებელი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის მინისტრი არის ახალი დანიშნული, არ გამოვრიცხავთ, რომ მთელი რიგი მიმართულებებით გადაიხედება ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი.“

სოციალური სფეროს გარდა, 16 მილიონი ლარით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის გაოთხმაგდება. ასევე იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაც. ეს, ძირითადად, სახელმწიფო აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ხარჯების გაყინვის გზით მოხერხდება. ანუ არც ერთ სამინისტროში არ გაიზრდება ხელფასები და საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯება ახალი ავტომობილებისა თუ სხვა ტექნიკის შესყიდვაზე. 

ეკონომიკის ექსპერტის დავით ნარმანიას აზრით, მთავრობის მიერ განსაზღვრული საბიუჯეტო პრიორიტეტები, ძირითადად, უცვლელია, თუმცა სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდა ამ დარგის პრიორიტეტულობაზე მიანიშნებს:

„კურსი რაც აიღო ქვეყნის ხელისუფლებამ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები დააფინანსოს და ამით ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას, ეს პრიორიტეტი არის ასევე შენარჩუნებული. დავინახე რამდენიმე ახალი პროგრამა - მათ შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებაშიც არის გარკვეული ცვლილება“, – აცხადებს დავით ნარმანია რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას. 

„საკითხავია, რა სახის შემოსავლებით აპირებს მთავრობა დასახელებული პრიორიტეტების დაფინანსებას. 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საგადასახადო შემოსავლებით, ანუ ქვეყანაში აკრეფილი გადასახადებით, ბიუჯეტის დაახლოებით 75 პროცენტი შეივსება. დარჩენილი ნაწილი კი არასაგადასახადო შემოსავლებით, ანუ საერთაშორისო გრანტებითა და კრედიტებით, დაიფარება. 

აქვე აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტში 4 პროცენტამდე მცირდება დეფიციტის მოცულობა, რაც საგარეო ვალების აღების საჭიროებასაც ამცირებს“, – შენიშნავს „თავისუფლება“.  

საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას ემხრობა დავით ნარმანიაც:

„რადგან დეფიციტი საგარეო ვალდებულებების აღებით ფინანსდებოდა, ანუ საგარეო ვალის გაზრდით, ასეთ შემთხვევაში ამ გზით არ მოხდება დამატებით ზრდა. ბუნებრივია, ქვეყანა 2011 წელს გაზრდის საგარეო ვალს, ასევე სამასი მილიონი ლარით გათვალისწინებულია საგარეო ვალის და მისი პროცენტების დაფარვა. ასე რომ, ის დიდი დეფიციტი, რითაც 2009-2010 წლის ბიუჯეტი ხასიათდებოდა, ამხელა დეფიციტი არ გვაქვს.“

დავით ნარმანია და სხვა ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უფრო მეტად შეესაბამება არსებულ ეკონომიკურ რეალობას, ვიდრე მიმდინარე წლის ბიუჯეტი, რომელიც 2010 წლის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა.