თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ბოტანიკურ ბაღში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი ან კონსულტაციები არ ჰქონია.
ჟურნალისტის კითხვას, ხართ თუ არა ობიექტური ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომლის უკან ან წინ ბიძინა ივანიშვილი დგას, ვინაიდან მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი მის პერსონალურ პოლიტიკურ კარიერაში, დავით ნარმანიამ ასეთი პასუხი გასცა:
"თქვენ დაიჯერებთ იმას, რომ არც ერთი სატელეფონო ზარი არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამ პროექტთან დაკავშირებით? მე გარწმუნებთ ამაში, ისევე როგორც რაიმე სახის კონსულტაციები არ ყოფილა. ჩვეულებრივ, ბიზნეს-ჯგუფი შემოვიდა წინადადებით, დაიწყო განხილვები. ბატონ ბიძინას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის გადარჩენაში და უამრავ ინვესტიცია აქვს ჩადებული იმაში, რაც გადარჩა. იგივე ბოტანიკური ბაღი რომ ავიღოთ, როგორც თბილისის, ასევე ბათუმის",- აღნიშნა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში დავით ნარმანიამ.
კითხვაზე უშვებთ თუ არა იმას, რომ ვადის ბოლომდე არ იყოს თბილისის მერი, ნარმანიამ აღნიშნა, რომ ის მსგავს შემთხვევას არ უშვებს.