აქციის მონაწილეების ნაწილმა შსს-სთან გადაინაცვლა

აქციის მონაწილეების ნაწილმა შსს-სთან გადაინაცვლა

აქციის მონაწილეების ნაწილმა, რომელიც პროექტ „პანორამა თბილისის“ მშენებლობას აპროტესტებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ცირა ელისაშვილმა განაცხადა, ყურადღებას საჭიროებენ ის ადამიანები, რომლებიც აქციაზე სამართალდამცველებმა დააკავეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დაკავებული 6 პირიდან 5 შსს-ში იმყოფება, ალეკო ელისაშვილი კი სასამართლოშია გადაყვანილი.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულებთან შესულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი და ზუსტი ინფორმაცია მისი გამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

ცირა ელისაშვილის თქმით, კახეთის გზატკეცილზე მდებარე შს სამინისტროს შენობისკენ მიემართება ასევე აქციის მონაწილეების ნაწილი, რომლებიც „პანორამა თბილისის“ მშენებლობას თავდაპირველად კოჯრის გზატკეცილზე იმ ადგილზე აპროტესტებდნენ, სადაც პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს.

”პანორამა თბილისის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 6 პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას და ასევე 173-ე მუხლით, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე აქციაზე დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.