პროექტ “პანორამა თბილისის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე საპატრულო პოლიციის მანქანა დაზიანდა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
”აქციაზე დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს”, - აცხადებენ სამინისტროში.
პროექტ „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე ექვსი ადამიანის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც აქციის მონაწილეებმა იმ ადგილზე შესვლა მოინდომეს, სადაც პროექტ „პანორამა თბილისის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებმაც აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გააკეთეს ცოცხალი ჯაჭვი და შეეცადნენ, რომ ამგვარად შესულიყვნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე.