"ქართული ოცნებისთვის" "ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტი მიუღებელია

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობის" ოფისების წინ განთავსებული პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტს ეხმაურება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში და სოფელ წყალტუბოში მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისების წინ განთავსებული პარტიის სააგიტაციო მასალის  დაზიანება. ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი პროვოკაციები შესაძლოა მიზანმიმართულად მომავალშიც განხორციელდეს. ასეთი ფაქტები ძაბავს წინასაარჩევნო გარემოს.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ და თავისუფალ, მშვიდ გარემოში. შესაბამისად, ნებისმიერი სახის დარღვევა ან ფაქტი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პროცესს, დაუყონებლივლივ უნდა აღიკვეთოს, საჭიროების შემთხვევაში კი დაიწყოს გამოძიება.

აღნიშნული ფაქტი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" კატეგორიულად მიუღებელია. მივმართავთ თხოვნით შესაბამის ორგანოებს, მყისიერი რეაგირება მოახდინონ მსგავს ფაქტებზე",- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.