მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობა აჭიანურებს საარჩევნო სისტემის რეფორმას, მოქმედი საარჩევნო სისტემა კი ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის არჩევანის პროპორციულად ასახვას საპარლამენტო მანდატებში და პარლამენტში პოლიტიკური ძალების სამართლიან წარმომადგენლობას, - ამის შესახებ ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში IRI-ს ევრაზიის განყოფილების დირექტორმა სტივენ ნიქსმა განაცხადა. ნიქსი იმედოვნებს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება.
”იმედი გვაქვს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება. ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტისას განვიხილეთ. ვიცით, რომ მან ისაუბრა ოპოზიციურ პარტიებთან და მას გულწრფელად სურს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება. თუმცა, მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობა აჭიანურებს საარჩევნო სისტემის რეფორმას,მოქმედი საარჩევნო სისტემა კი ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის არჩევანის პროპორციულად ასახვას საპარლამენტო მანდატებში და პარლამენტში პოლიტიკური ძალების სამართლიან წარმომადგენლობას. საქართველოს უნიკალური სისტემა აქვს. ვიცი, რომ საარჩევნო კოდექსზე დისკუსია მიმდინარეობს. ჩვენ ვურჩევთ მთავრობას, გააგრძელონ ცენტრალურ სააარჩევნო კომისიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან მუშაობა და შეთანხმდნენ მოდელზე, რომელიც საუკეთესო იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის”, - განაცხადა ნიქსმა.
მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად ჯერ კიდევ არის დრო საპარლამენტო არჩევნებამდე. რაც შეეხება ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, როგორც ნიქსი აღნიშნავს, გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რაოდენობა ამ ეტაპზე გასაკვირი მოვლენა არ არის. ”კვლევა გაზაფხულზე ჩატარდა, არჩევნები შემოდგომაზეა დანიშნული, საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე მხოლოდ 60 დღით ადრე იწყება. ბევრი რამე შეიცვლება არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ჩვენი კვლევიდან ჩანს, რომ ეს იქნება კონკურენტული არჩევნები, რაც საქართველოსთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის კარგია”, - განაცხადა ნიქსმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას კვლევის იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ”მმართველ და მოქმედ ოპოზიციურ ძალას” თითქმის ერთნაირი რეიტინგი აქვთ, IRI-ს წარმომადგენლის თქმით, ეს გამოკითხვა აჩვენებს, რომ არჩევნები კონკურენტული იქნება. ”ვფიქრობ ეს დადებითი ნიშნებია საქართველოს განვითარებაში, არავინ იცის როგორი იქნება არჩევნების შედეგი”, - განაცხადა ნიქსმა.
მისივე თქმით, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევიდან არ შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, რომ საპარლამენტო მანდატისთვის მეტი პოლიტიკური პარტიის ბრძოლის გამო პრორუსულმა ძალებმა იხეირონ.
”არ ვფიქრობ, რომ ჩვენი მონაცემებიდან ამ დასკვნის გამოტანა შეიძლება. რაც ჩვენს მონაცემებში იკვეთება რუსეთთან მიმართებით ისაა, რომ ქართველები განაგრძობენ სვლას დასავლეთისკენ, რადგან დასავლეთს ქართველები ხედავენ როგორც რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის საშუალებას, ასევე, როგორც ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ქართველებს იმედი აქვთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მათი ცხოვრების სტანდარტს გაზრდის, შექმნის სამუშაო ადგილებს, გაზრდის ვაჭრობას. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ამ კვლევებში სწორედ ევროპის კავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერაა, რასაც მხარს გამოკითხულთა 85 პროცენტი უჭერს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ქართველების დიდი ნაწილი თავს ევროპაში ხედავს. ასევე 79 პროცენტი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ქართველები მომავალს დასავლეთში ხედავენ”, - განაცხადა ნიქსმა და აღნიშნა, რომ ქართველების უმრავლესობა რუსეთს საქართველოს სუვერენიტეტის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს და აქვს ამის საფუძველი.
ამასთან, ნიქსი იმედოვნებს, რომ კვლევის მიხედვით გამოყოფილი სამი მთავარი პრობლემა - უმუშევრობა, ზოგადი ეკონომიკური ვითარება და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი აისახება პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამაში.
რაც შეეხება კოალიციის დაშლას და ”ნაციონალური მოძრაობიდან” რამდენიმე ლიდერის წასვლას, ნიქსის თქმით, პარტიები იცვლებიან და ეს ბუნებრივი პროცესია.
”პარტიიდან ხალხის წასვლა, ახალი სახეების გამოჩენა, ეს ყველაფერი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და ნორმალური პროცესია. პარტიები ყოველთვის ცდილობენ ცვლილებას, გარდაქმნას, რებრენდიგს, რათა უფრო მეტი ამომრჩევლის მიზიდვა შეძლონ. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია. პოლიტიკური პარტიების “რეიტინგი რესპუბლიკური ინსტიტუტისთვის” მეორეხარისხოვანია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კვლევის მთავარი ღირებულება პრობლემების იდენტიფიცირებაა, იმ საკითხების გარკვევა, რაც საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს”, - განაცხადა ნიქსმა.