ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი თბილისის მერს, დავით ნარმანიას ურჩევს, საკრებულოში მივიდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ვოლსკი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
"მკაცრი განცხადება იყო. მეც ვურჩევდი დედაქალაქის მერს, მივიდეს საკრებულოში და მიაწოდოს ინფორმაცია, მით უმეტეს, რომ დასამალი არაფერია", - აღნიშნა ვოლსკიმ. მისი თქმით, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან კარგი პროექტის განხორციელება იგეგმება და ამ საკითხზე არამარტო ნარმანიამ, არამედ პრესსამსახურებმაც ხმამაღალი განცხადებები უნდა გააკეთონ. გიორგი ვოლსკიმ თბილისის მერს უსურვა, ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეს დედაქალაქის საკრებულოსთან.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, გაოცებულია თბილისის მერის განცხადებით, რომ დეკემბრამდე არ აპირებს საკრებულოში მისვლას. უსუფაშვილი ნარმანიას შეახსენებს, რომ დეკემბრის შემდეგ შესაძლოა უკვე საკრებულოს და სხვებსაც აღარ მოუნდეთ მისი მოსმენა. თბილისის საკრებულოს დეპუტატების ნაწილი დავით ნარმანიას მისვლას დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების საკითხის განსახილველად ითხოვს.