ჩვენ დავიწყებთ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ ქუჩის აქციებით, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ალასანიამ ”ტვ პირველის” ეთერში აღნიშნა, საპროტესტო აქციები იმ შემთხვევაში გაიმართება, თუკი დადასტურდა, რომ ივანიშვილი ერევა სასამართლოს და მოსამართლეების გადაწყვეტილებების მიღებაში.
მისივე თქმით, საქართველო ყოფილი პერმიერის, ბიძინა ივანიშვილის საკუთრება არ არის, როგორც ეს მას ჰგონია.
”იმედი მაქვს, იზიარებს დღევანდელი პრემიერი, მთავრობა და ასევე სასამართლო ხელისუფლება, რომ ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს ქართულ სახელმწიფოს თუკი დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერევა მოსამართლეების გადაწყვეტილებებში. ეს იქნება რეალურად საბოლოო წვეთი, რომ მოვლენები გადავიდეს ახალ ფაზაში და ეს ფაზა იქნება ის, რომ მე მოვუწოდებ საზოგადოების დიდ ნაწილს, პირდაპირ დავიწყოთ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ ფიზიკურადაც.
მე დავიწყებ ხალხის მობილიზებას ქუჩის საპროტესტო აქციებში, იმიტომ რომ ეს იქნება ბოლო წვეთი მოთმინების, რომელიც დამოუკიდებლობის მოყვარე ხალხს დაეცემა,” - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ამასთან, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა მთავარი პროკურორის დღევანდელ განცხადებაზეც ისაუბრა, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეს და ამ საქმეში ბრალდების მხარის უპირობო გამარჯვებას შეეხებოდა.
”პროკურორი შოთაძის განცხადება ემსახურება იმას, რომ შექმნას საზოგადოებაში წარმოდგენა იმაზე, რომ კაბელების საქმე დასრულდება პროკურატურის სასარგებლოდ. ერთის მხრივ, ეს არის პირდაპირი ზეწოლა მოსამართლეზე,” - განაცხადა ალასანიამ.
”თავისუფალი დემოკრატები” ლიდერი იმედოვნებს, რომ მოსამართლე არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.